1770190275
„ორშაბათიდან უკვე დავუწევთ ფასს “ - რის ხარჯზე მცირდება კვერცხის ღირებულება
ორშაბათიდან კვერცხის ფასი 5%-ით შემცირდება. ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ესაუბრა
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მწარმოებლებს გაუჩნდათ იმედი, რომ დარგში სასიკეთო ცვლილებები განხორციელდება, შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იანვარში კვერცხზე მომატებული ფასი, ისევ დაეკლოთ.
„პრემიერთან შეხვედრა რომ შედგა, ჩვენი წარმოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ და მოახერხეს როგორც სიტყვით გამოსვლა და თავისი ტკივილის მიტანა პრემიერამდე, ისე მიეცათ საშუალება, პრივატულად ესაუბრათ. თემები რაც გვაწუხებს, დღგ, ქეშბექები და ა.შ იმდენად კარგად ჰქონდა შესწავლილი პრემიერს, გაგვიჩნდა მოლოდინი, რომ ამ მხრივ შეიძლება იყოს წინსვლა და რაღაცა გადაწყვეტილება მიიღონ. შესაბამისად, რაც წელს იანვარში გვქონდა ფასნამატი, მწარმოებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ეს დაეკლოთ. ანუ, რაც იყო წლევანდელი ფასნამატი, ეს დავაკელით. დანარჩენს შევხედავთ. დაპირებაც არის, ყურადღების მოქცევაზე, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
ჩვენ წერილით მივმართავთ ყველა ქსელურ მაღაზიას და ორშაბათიდან უკვე ფასს დავუწევთ. ისინიც ალბათ, ნაშთებს მოყიდიან და იმ კვირიდან უკვე ქსელშიც უნდა გაიაფდეს“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.
კითხვაზე, რის ხარჯზე მოხდა ფასის კლება, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი პასუხობს: „ნათელი მომავლის იმედით, მარჟა დავიყვანეთ ფაქტობრივად, ნულზე და შევხედოთ რა იქნება“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.
კვერცხზე ფასის შემცირებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა. მათი თქმით, ფასის შემცირება 5%-იანი იქნება. როგორც კომპანიების - „სავანეთის“, „დილას“, „კოდას“ და „კუმისის“ განცხადებაში წერია, მწარმოებლები ითვალისწინებენ პრემიერის ინიციატივას და ფასს აღნიშნულიდან გამომდინარე ამცირებენ.
კომპანიებში აცხადებენ, რომ „გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებს შეიცავს მარჟებთან მიმართებით, პროდუქციის ფასის მცირედი მერყეობა შესაძლებელია იყოს წლის განმავლობაში და პირდაპირ დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნედლეულის ფასზე, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება აღნიშნული რისკების მართვა და დაბალანსება“. ამასთან, ასოციაციის წევრი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მთავრობის აქტიური მუშაობა რითეილ სექტორთან, ფასნამატების შემცირების მიმართულებით, გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე.
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები აცხადებენ, რომ მზად არიან, ხელი შეუწყონ ბაზარზე სტაბილური და სამართლიანი ფასების ფორმირებას და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
შეგახსენებთ, რომ ფასებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო სამუშაო კომისია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უკვე შეხვდა ქართველ მწარმოებლებს, რითეილ სექტორს და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს. ასევე, ნავთობ-იმპორტიორებს, სააფთიაქო ქსელებისა და ფარმაცევტთა ასოციაციის წარმომადგენლებს.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.
24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა. ორი დღის შემდეგ კი ასეთივე კომისია შეიქმნა პარლამენტშიც, რომელიც მუშაობას უკვე მომავალი კვირიდან დაიწყებს.
20 იანვარს გაიმართა სამთავრობო კომისიის 1-ელი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება რომ კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.
bpn.ge


