პოლიტიკური აქტივობისთვის მეწარმე სუბიექტის დაჯარიმების უფლებამოსილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება

ბიზნესი 1769767277
პარლამენტი

მეწარმე იურიდიული პირის მიერ ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა. ეს ქმედება კი, მეწარმე სუბიექტის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ასეთი პასუხისმგებლობა და სანქცია “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ფარგლებში შემოდის.

კოდექსს ემატება ახალი მუხლი - “მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობის“ შესახებ. აღნიშნული მუხლის თანახმად, მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას − 20 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 40 000 ლარი იქნება.

პროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. უმრავლესობის განმარტებით, რეგულაცია არ ზღუდავს მეწარმე იურიდიული პირის თავისუფლებას განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა ან გამოხატოს მოსაზრება მის საქმიანობასთან პირდაპირ დაკავშირებულ საკითხებზე. “ქართული ოცნების“ განცხადებით, შეზღუდვა მხოლოდ იმ პოლიტიკურ აქტივობაზე ვრცელდება, რომელიც ფუნქციურად მის სამეწარმეო მიზნებს არ უკავშირდება და ფაქტობრივად, პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად გამოიყენება.

“საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკური პარტიისთვის დაუშვებელია შემოწირულების მიღება საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან. ამის გათვალისწინებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს მეწარმე იურიდიული პირის მიერ მათი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებს მიღმა პოლიტიკური პროცესებზე არაპროპორციული გავლენის პრევენციასა და პოლიტიკური პროცესების სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და თანასწორი მონაწილეობის უზრუნველყოფას.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მეწარმე იურიდიული პირები, როგორც ეკონომიკური ძალაუფლების მქონე პირები მნიშვნელოვან ფინანსურ, ორგანიზაციულ და საკომუნიკაციო რესურსებს ფლობენ, რომელთა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ქმნის რისკს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირება არა საზოგადოებრივი ინტერესების, არამედ კერძო ეკონომიკური ინტერესების გავლენით განხორციელდება.

რეგულაცია არ ზღუდავს მეწარმე იურიდიული პირის თავისუფლებას განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა ან გამოხატოს მოსაზრება მის საქმიანობასთან პირდაპირ დაკავშირებულ საკითხებზე. შეზღუდვა მხოლოდ იმ პოლიტიკურ აქტივობაზე ვრცელდება, რომელიც ფუნქციურად მის სამეწარმეო მიზნებს არ უკავშირდება და ფაქტობრივად პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად გამოიყენება.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით განისაზღვრება პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებითაც პოლიტიკური აქტივობა არ არის დაკავშირებული სუბიექტის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან და მისი პროფესიული ან დარგობრივი ინტერესების დაცვას სცდება“, - აცხადებს “ქართული ოცნება“.