1770034615
საქართველოში რუსი ბიზნესმენების ვიზიტები 3%-ით გაიზარდა - ქვეყანა ტოპ 10-ულშია
საქართველო რუსი ბიზნესმენების საქმიანი მოგზაურობების პოპულარული საერთაშორისო მიმართულებების 2025 წლის ტოპ 10-ეულშია. ამის შესახებ რუსული ბიზნეს-ტურიზმის ბაზრის ლიდერისა და ინდუსტრიისთვის IT-გადაწყვეტილებების მიმწოდებელი კომპანია Aeroclub-ის კვლევაში წერია, რასაც TASS ავრცელებს.
კერძოდ, გასულ წელს რუსმა ბიზნესმენებმა საქართველოში, 2024 წლეთან შედარებით, 3%-ით მეტჯერ იმოგზაურეს, ხოლო მთლიან საქმიან ავიარეისებში ქვეყნის წილი 2%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო ტოპ 10-ეულში მეცხრე ადგილზეა და მხოლოდ ინდოეთს უსწრებს, რომელიც ათეულს ხურავს.
მეზობლებიდან ტოპ 10-ეულში სომხეთიცაა და მასთან ერთად საქართველოს და სერბეთი თანაბარი 2%-იანი წილით მე-7, მე-8 და მე-9 ადგილებს ინაწილებენ. თუმცა, საქართველოში მოთხოვნის ზრდისგან განსხვავებით, სომხეთში რუსი ბიზნესმენების ვიზიტები ერთ წელიწადში 21%-ით შემცირდა. თურქეთი წამყვან სამეულს ხურავს.
რუსების საქმიანი საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით ლიდერი კვლავ ჩინეთია. ქვეყნის წილი მთლიან ბიზნესრეისებში 18%-ია, თუმცა 2024 წელს 16%-ს შეადგენდა.
რუსი ბიზნესმენების 10 ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო მიმართულებაა:
- ჩინეთი - მთლიან საქმიან ავიარეისებში 18%-იანი წილი
- ყაზახეთი - 16%
- თურქეთი - 6%
- უზბეკეთი - 5%
- ბელარუსი - 5%
- არაბთა გაერთიანებული საემიროები - 3%
- სომხეთი - 2%
- სერბეთი - 2%
- საქართველო - 2%
- ინდოეთი - 1%
აღსანიშნავია, რომ ათეულის ქვეყნებს შორის ერთ წელწადში რუს ბიზნესმენთა ვიზიტების რაოდენობა, ანუ მოთხოვნა მხოლოდ საქართველოსა (+3%) და უზბეკეთში (+20%) გაიზარდა, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში შემცირდა, ჩინეთში კი გასული წის ანალოგიურ დონეზე დარჩა. მაგალითად, თურქეთში - 21%-ით, ყაზახეთში - 16%-ით, ბელარუსში - 1%-ით, საემიროებში - 31%-ით, სომხეთში - 21%-ით, სერბეთში - 59%-ით, ხოლო ინდოეთში 14%-ით შემცირდა.
გასულ წელს საერთაშორისო საქმიანი ვიზიტებით რუსეთიდან ყველაზე ხშირად კვლავ IT-ის და ტელეკომუნიკაციების სფეროს თანამშრომლები მოგზაურობდნენ. თუმცა საქმიანი ვიზიტების საერთო რაოდენობაში მათი წილი 2024 წლის 28%-დან 18%-მდე შემცირდა. ასევე, 6%-ით შემცირდა საერთაშორისო მოგზაურობების რაოდენობა ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკის ინდუსტრიებში.
რუსი ბიზნესის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო საქმიან ვიზიტებზე მოთხოვნა 2025 წელს 2023 წლის დონეს დაუბრუნდა, ხოლო საერთაშორისო ფრენების წილი საქმიანი ვიზიტების საერთო რაოდენობაში 17%-დან 16%-მდე შემცირდა. ამასთან, საქმიანი საერთაშორისო ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 6%-ით, ანუ შვიდ დღემდე გაიზარდა.
bpn.ge



