1764658492
საქართველოში შესაძლოა, Starbucks შემოვიდეს
საქართველოში შესაძლოა, მსოფლიოში ცნობილი ყავახანების ბრენდი Starbucks შემოვიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, Starbucks-ის რესტორნები საქართველოში 2026 წლიდან გაიხსნება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, საქართველოს ბაზარზე გრძელვადიან პერსპექტივაში მსოფლიო ბრენდი რამდენიმე ათეულ ობიექტს, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გახსნის.
Starbucks-ის გახსნა იგეგმება „თბილისი აუთლეტ ვილიჯშიც.“ ინფორმაციას ადასტურებს კომპანია „ჯორჯიან აუთლეტს ენდ რიზორთს გრუპის“ მმართველი პარტნიორი გუგა ცანავა .
„აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს, მაგრამ დასრულებული არ არის. ვსაუბრობთ Starbucks-თან ძალიან აქტიურად, რომ გახსნან ჩვენთან მაღაზია. გახსნიან თუ არა, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მაგრამ როგორც გითხარით, ვართ მოლაპარაკებების პროცესში და გავდივართ ტექნიკურ საკითხებს. ვმუშაობთ და თუ „სტარბაქსი“ მიიღებს გადაწყვეტილებას, იქნება მისი რესტორანი ჩვენთანაც“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გუგა ცანავამ.
მსოფლიო ბრენდი საქართველოში არაბულ Alshaya group შემოჰყავს. როგორც ცნობილია, ბრენდის ოპერირებას ქართულ ბაზარზე თურქული კომპანია Shaya Turkey მოახდენს, რომელიც Starbucks-ის რესტორნებს თურქეთსა და აზერბაიჯანში მართავს.
როგორც ცნობილია, სწორედ თურქული ოფისის ოფიციალურ წარმომადგენლებთან აქვს მოლაპარაკება "თბილისის აუთლეტ ვილიჯსაც".
Starbucks 1971 წელს დაარსდა. მმართველი კომპანიის - Starbucks Corporation-ის სათავო ოფისი - აშშ-ში, სიეტლში მდებარეობს. კომპანიას მთელს მსოფლიოს 86 ქვეყანაში 38 ათასზე მეტი ობიექტი აქვს გახსნილი. თანამშრომელთა რაოდენობა მთელი მსოფლიო მასშტაბით 400 ათასს აღემატება.
შეგახსენებთ, რომ Starbucks-ი საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია გასულ წლებშიც ვრცელდებოდა. 2018 წელს Shaya Turkey საქართველოში Starbucks-ის ადგილობრივ მენეჯერსაც ეძებდა და ამასთან დაკავშირებით ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული.
bpn.ge



