„შოკოჰოლიკი“ ასორტიმენტის გაფართოებასა და გაყიდვების გაზრდას გეგმავს

ბიზნესი 1732090673
„შოკოჰოლიკი“

არტიზანული შოკოლადის საწარმო „შოკოჰოლიკი“, რომელიც 6 სახეობის ნუგას, სხვადასხვა სახის ბომბონებსა და ტრიუფელებს აწარმოებს, გაფართოებასა და შემდეგ ექსპორტზე გასვლას გეგმავს. 

როგორც Business Insider Georgia-სთან „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი თეა ედიშერაშვილი-სამადაშვილი აცხადებს, 2025 წელს ასორტიმენტის გაფართოებასა და გაყიდვების ზრდას გეგმავს.

„ჩვენი პროდუქციის 60-70%-ის საზღვარგარეთ გადის, საჩუქრების სახით. თუმცა ეს არ არის ოფიციალური ექსპორტი. უცხოელები აქტიურად ყიდულობენ „შოკოჰოლიკის“ პროდუქციას საჩუქრად“,- ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

ახლახან, ბრენდმა შეცვალა შეფუთვა და როგორც „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი ამბობს ახალი წლისთვის კორპორაციული შეკვეთები მზარდია.

„ჩვენი პროდუქცია არის დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. ბოლო ორი შეკვეთა მივიღებთ იტალიიდან და საფრანგეთიდან საშობაო საჩუქრებად. მანამდე გვქონდა დიდი შეკვეთა დუბაიდან. ახლაც რამდნიმე ქსელთან გვაქვს მოლაპარაკება. ბევრი კორპორაციული შეკვეთა შემოვიდა საახალწლოდ. 2023 წელთან შედარებით ბრენდის ცნობადობა და გაყიდვები მზარდია“, - ამბობს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.

რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, „შოკოჰოლიკის“ ასორტიმენტში ყველზე მოთხოვნადი ციტრუსის ნუგაა.

„ყველაზე მოთხოვნადი ახალი წლის სეზონზე, საშობაოდ და საახალწლოდ ციტრუსის ნუგა არის შეუცვლელი. ამ დროისთვის ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია „სმარტის“ ქსელში, აეროპორტში, ბათუმში. გვაქვს  ონლაინ მიწოდება და პროდუქციას დამკვეთი იმავე ან მეორე დღეს მიიღებს პროდუქტს“,- ამბობს თეა ედიშერაშვილი-სამადაშვილი.

„შოკოჰოლიკში“  3 ადამიანია დასაქმებული.