თბილისში "ტრამპ-თაუერი" აშენდება - სად განთავსდება 70-სართულიანი ცათამბჯენი - პროექტის დეტალები

ბიზნესი 1776662980
ტრამპ-თაუერი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის კომპანია საქართველოს დედაქალაქში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, “ტრამპ-თაუერის” აშენებას გეგმავს. "ბიზნესპრესნიუსისთვის" პროექტის დეტალები ხდება ცნობილი.

სად აშენდება "ტრამპ-თაუერი"?

The Trump Organization-ის ოფიციალური პრეს-რელიზის მიხედვით, 70-სართულიანი პრემიუმ კლასის ცათამბჯენი ცენტრალურ პარკთან (ყოფილი იპოდრომი) ახლოს უნდა აშენდეს. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ "ტრამპ-თაუერ თბილისი" გახდება ყველაზე მაღალი შენობა მთელი საქართველოს მასშტაბით.

მათივე ცნობით, ფეშენებელური ცათამბჯენი მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული ფირმის, Gensler-ის მიერ დაპროექტდება და ეს იქნება მრავალფუნქციური, დინამიური დანიშნულების ცენტრი, რომელიც სხვადასხვა ტიპის სივრცეს გააერთიანებს.

“ცენტრალურ პარკთან მდებარეობის წყალობით, „Trump Tower Tbilisi“ მრავალფუნქციური და დინამიური დანიშნულების ცენტრი იქნება, რომელიც გააერთიანებს მდიდრულ რეზიდენციებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და დახვეწილი ცხოვრების სტილისთვის საჭირო ყველა პირობას.

როგორც Trump-ის ბრენდის გლობალური პორტფოლიოს ნაწილი, რომელიც ცნობილია ულტრა-მდიდრული ცხოვრებისა და არქიტექტურული სრულყოფილების სტანდარტების დაწესებით, ეს ცათამბჯენი გადამწყვეტ როლს შეასრულებს თბილისის, როგორც საერთაშორისო ინვესტიციების, კულტურისა და ევროპა-აზიის გასაყარზე უმაღლესი დონის ცხოვრების ცენტრად ქცევაში.

ეს იქნება თბილისის ახალი ღირსშესანიშნაობა გლობალური პრემიუმ-ცხოვრებისათვის”, - ნათქვამია The Trump Organization-ის ინფორმაციაში.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ “ტრამპ-თაუერ თბილისის“ პროექტი წარმოადგენს Trump-ის ბრენდის პირველ გამოჩენას რეგიონში და ხაზს უსვამს თბილისის, როგორც მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბის ჩამოყალიბებას და მის როლს აღმოსავლეთ ევროპასა და აზიას შორის - საერთაშორისო ბიზნესის კარიბჭის სახით. ასევე, მიუთითებს ქალაქის მზარდ პოპულარობაზე პრემიუმ კლასის უძრავი ქონების გლობალურ მყიდველებს შორის.

ვინ იქნებიან "ტრამპ-თაუერ თბილისის" ადგილობრივი პარტნიორები?

Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ერიკ ტრამპის თქმით, ბრენდი მოხარულია იმის გამო, რომ საქართველოსთვის გლობალური რეპუტაციის მქონე ხარისხის შეთავაზება შეუძლიათ.

„ტრამპის სახელი მსოფლიოში უძრავი ქონების ყველაზე მდიდრულ პროექტებთან ასოცირდება და Trump Tower Tbilisi ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში შემოგვაქვს ბრწყინვალების ეს გლობალურად აღიარებული სტანდარტი და განსაკუთრებით გვიხარია ამ პროექტზე ისეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან თანამშრომლობა,“ - აცხადებს ერიკ ტრამპი.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ორგანიზაცია საქართველოში ცათამბჯენის აშენებას საერთაშორისო თუ ადგილობრივ კომპანიებთან კოლაბორაციით გეგმავს. ოფიციალური ინფორმაციით, "ტრამპ-თაუერ თბილისის" პარტნიორი კომპანიები იქნებიან: Biograpi Living, Archi Group, The Sapir Organization, Blox Group და Finvest Georgia.

პროექტის შესახებ დამატებითი დეტალები, მათ შორის, არქიტექტურული საკითხები, დიზაინი და გაყიდვების შესახებ ინფორმაცია, უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.