1730984410
ტექინსპექტირების საფასური შესაძლოა 30-40%-ით გაძვირდეს - რატომ ითხოვენ ცენტრები ფასის გაზრდას?
ბიზნესმა ავტომობილების ინსპექტირების საფასურის გაზრდა მოითხოვა. მიზეზებს შორის არის ინსპექტირების სერვისისთვის საჭირო ტექნიკური ხარჯების მატება. გარდა ამისა, ბიზნესს კვალიფიციური კადრების შენარჩუნება უჭირს, რადგან ინსპექტორები არსებული ანაზღაურებით კმაყოფილები არ არიან. ცენტრებმა მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფის მიზნით ინსპექტირების საფასურის გაზრდა მოითხოვეს, ახლა კი ეკონომიკის სამინისტროსგან რეაგირებას ელოდებიან.
„ინსპექტორისთვის თუ ხელფასი არ გაიზრდება, ინსპექტორების გადინების პრობლემა კიდე უფრო გაიზრდება. კვალიფიციური ინსპექტორის შენარჩუნების პრობლემა დადგა სფეროში. ინსპექტირების ცენტრები ითხოვენ და მიმართავენ შესაბამის სამსახურებს, რომ ეს საკითხი განიხილონ. ამ ეტაპზე რამე კონკრეტული გადაწყვეტილება ან გეგმა არ არის. ცენტრებმა გააჟღერეს, რომ ეს საჭიროება დღის წესრიგში დადგა. გამოხმაურება ჯერჯერობით არ არის“, - აცხადებს „კომერსანტთან“ საუბარში „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი.
ტექნიკური ინსპექტირების ღირებულების მატება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ავტომობილების სერვისის ფასებმა მოიმატა. დავით მესხიშვილი ჩვენთან საუბარში ვერ ასახელებს კონკრეტულ თანხას, თუ რა ეღირება ინსპექტირება, თუმცა ამბობს, რომ ფასის მატებამ შესაძლოა 30-40% შეადგინოს.
„ზოგადად გაძვირდა ავტოსერვისის მომსახურება, ნაწილები, საწვავი, რეგისტრაცია, საერთოდ ყველაფერი, რაც უკავშირდება ავტომობილს. ეს იწვევს იმ საჭიროებას, რომ აქაც გარკვეული მატება იყოს. აქ საუბარია ინსპექტირების საფასურის 30-40%-იან მატებაზე. გამიჭირდება კონკრეტული თანხის დასახელება რა ეღირება. მხოლოდ კონსულტაციის შემდეგ შეიძლება რაღაც თანხაზე იყოს საუბარი“, - აცხადებს დავით მესხიშვილი.
დღეს ტექნიკური ინსპექტირების საფასური ორ კატეგორიად არის დაყოფილი. მსუბუქი ავტომობილის სერვისი 60 ლარი, ხოლო მძიმე სატრანსპორტო საშუალებების 100 ლარი ღირს. „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საჭიროა ახალი კატეგორიების შემოღება და სწორედ, ამ კატეგორიების მიხედვით სერვისის ფასის განსაზღვრა.
„დღეს ერთი ფასი აქვს მიკროავტობუსის, ავტობუსის, სატვირთოს, სამგზავროსა და მისაბმელიანი ტრანსპორტის ინსპექტირებას. ეს არ არის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი. ინსპექტორი სხვადასხვა მოცულობის სამუშაოს ეწევა და ამ დროს გადასახადი არის ერთი და იგივე. მათ შორის მძღოლებთან მიმართებაშიც შეიძლება არ იყოს სამართლიანი, ვინაიდან არის ისეთი ავტოტრანსპორტი, რომელზეც ცოტა დრო იხარჯება. საუბარია იმაზე, რომ შეიქმნას გადახდისა და ფასების სამართლიანი სისტემა. ვაპირებთ ამ საკითხის დაყენებას ეკონომიკის სამინისტროსთან. განხილვები და კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა. ახალი სქემა ახალი საფასურით უნდა დაინერგოს ავტომობილების კატეგორიების მიხედვით“, - აცხადებს დავით მესხიშვილი.