რატომ არ იაფდება ბალი? – „ჩერი.ჯის“ თანადამფუძნებელი მიზეზზე

ალუბალი

ბლის მწარმოებელი „ჩერი.ჯის“ თანადამფუძნებელი დავით ჭუბაბრია ბალზე მაღალი ფასების მიზეზს ხსნის და აცხადებს, რომ ამ სეზონზე ბლის გაიაფებას არ უნდა ველოდოთ. როგორც Bm.ge-სთან ინტერვიუში ჭუბაბრიამ აღნიშნა, მიზეზი აპრილში მოსული ძლიერი ყინვა გახდა, რამაც წლევანდელი მოსავალი თითქმის გაანადგურა. საქმე ისაა, რომ ბლის ფასი სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში 10 ლარიდან იწყება და ქსელურ მარკეტებში ამ დროისთვის 23 ლარს აღწევს, რაც გასულ სეზონებზე გაცილებით დაბალი იყო.

„შიდა ქართლში 13 აპრილს იყო სერიოზული ყინვა, რომელიც ღამის საათებში გრძელდებოდა და მიაღწია -5 გრადუსს. შესაბამისად, ბლის გარდა, სხვა კურკოვანი ხილის, მათ შორის გარგარის, ატმის, ქლიავის მოსავალი შიდა ქართლში არის სავალალო მდგომარეობაში. წელს შიდა ქართლში მოსავალი არ არის. ეს შედეგი ბალზე უკვე აისახა, ვინაიდან ბალი სხვა კურკოვნებთან შედარებით ადრე მოდის, თუმცა იგივეს შეიძლება ველოდოთ ატამზე, ქლიავზე, გარგარზეც. მიწოდება დაბალია, მოთხოვნა მაღალია და ფასებიც შესაბამისად მაღალი. ბლის გაიაფებას ამ სეზონზე არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა დავით ჭუბაბრიამ.

მისივე თქმით, „ჩერი.ჯის“ მოსავალი წელს, ბაღების ასაკისა და მდგომარეობიდან გამომდინარე, წელს 100-120 ტონა უნდა ყოფილიყო, თუმცა სეზონის საპროგნოზო მაჩვენებელი, აპრილის ყინვის გამო, 5-10 ტონამდეა შემცირებული.

„ჩემი ბაღი მეხუთე წლისაა, შარშანდელთან შედარებით 5-ჯერ შემცირდა მოსავლიანობა, მაგრამ შარშანდელი წელი არ იყო ისეთი მსხმოიარობის, როგორც წელს, ამიტომაც წლევანდელი ყინვის გამო დაახლოებით 90% დავკარგეთ“, - განაცხადა დავით ჭუბაბრიამ.

ცნობისთვის, „ჩერი.ჯის“ ბლის ბაღები გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში 11 ჰექტარზეა გაშენებული. ბაღებში 15 ჯიშის ბალი მოჰყავთ. ინვესტიცია, რომელიც ამ ბაღებში ჩაიდო, 2.5 მლნ ლარია, რასაც სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობაც ემატება.

bm.ge