კახა კალაძემ 2024 წელს 66 ბიტკოინი იყიდა - ჯამური ღირებულება 4 645 315 დოლარია

კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ 2024 წელს 66 ერთეული ბიტკოინი იყიდა, - ამის შესახებ ირკვევა მის მიერ 2025 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან.

დოკუმენტების მიხედვით, კახა კალაძემ შეძენილ კრიპტოვალუტაში ჯამში 4 645 315 დოლარი გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ევროპულ ბანკებში თანხები არ აქვს და რაც ჰქონდა იმით კრიპტოვალუტა შეიძინა“. აღნიშნულით მან სანქციების პირობებში, დასავლეთიდან კაპიტალის გადმოტანასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციაში მითიტებულ ინფორმაციას, ირკვევა, რომ გასულ წელს დედაქალაქის მერმა შეიძინა BRP MAVERICK XRS-ის ფირმის მოტოსატრანსპორტო საშუალება, რაშიც 150 502 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, მანვე 2024 წელს შეიძინა PORSCHE 911, რომლის ღირებულებაც 170 000 დოლარი იყო.

გასულ წელს ახალი ავტომობილი შეიძინა კალაძის მეუღლემაც. ამ შემთხვევაში საუბარია, MERCEDES-BENZ AMG-ზე, რაშიც სულ 150 000 დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის თანახმად, მერმა ხელფასის სახით 2024 წელს 84 902 ლარი აიღო. ამავე პერიოდში მისი ქველმოქმედება 85 000 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე საჯაროდ განთავსებული არ იყო. ამის მიზეზად პორტალის ტექნიკური სამუშაოები სახელდებოდა. დღეს კი პორტალზე დეკლარაციები კვლავ საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა.