ტრამპი თავის დაბადების დღეზე 40 მლნ დოლარის სამხედრო აღლუმს გამართავს

მსოფლიო 1749637022
ტრამპი

14 ივნისს, აშშ-ის არმიის 250 წლისთავზე, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 79-ე დაბადების დღეს ემთხვევა, ვაშინგტონში, კონსტიტუციის ბულვარზე აღლუმი გაიმართება. 90-წუთიანი აღლუმი დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩას ოთხი დღის განმავლობაში გადაკეტავს.

ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატების ქალაქებში სამხედრო ტექნიკის აღლუმით გავლა იშვიათია, დაგეგმილ ღონისძიებაში 150 სახმელეთო ტექნიკა, მათ შორის, დაახლოებით, 25 ტანკი M1 Abrams და 6600 ჯარისკაცი, ასევე, ვერტმფრენები და 50 თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას.

მიმდინარე კვირას მერილენდში ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და მძიმე არტილერიის ჩატანა უკვე დაიწყო, რომლებსაც სატვირთო ავტომობილებით ვაშინგტონში გადაიტანენ.

აღლუმის ხარჯი 25-40 მლნ დოლარად არის შეფასებული, რაშიც ქუჩების გადაკეტვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შემდგომი დასუფთავების საქალაქო ხარჯი არ შედის.

აღლუმი ტრამპის გადაწყვეტილების ფონზე გაიმართება, რომ საიმიგრაციო პოლიტიკის გასატარებლად კალიფორნიაში სამხედრო ძალა გამოიყენოს. შტატში ჯერ ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცი, შემდეგ კი დამატებით 700 საზღვაო ქვეითი გაიგზავნა, რაც კალიფორნიის ხელისუფლებამ სასამართლოში გაასაჩივრა, ქალაქ ლოს-ანჯელესში კი მოწინააღმდეგე მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

დონალდ ტრამპს სამხედრო აღლუმის ჩატარება პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც სურდა, როცა 2017 წელს პარიზში ვიზიტის შემდეგ უკან დაბრუნდა. თუმცა მაშინ წინადადება პოტენციურად უზარმაზარი ხარჯის გამო უარყოფილ იქნა.

ცნობისთვის: აშშ-ში სამხედრო აღლუმი 1946 წელს, ნიუ-იორკში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად, ხოლო ვაშინგტონში 1991 წელს, ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხლის“ შემდეგ ჩატარდა, რომელმაც ქუვეითი ერაყის ჯარის შეჭრისგან გაათავისუფლა.

bpn.ge