1776494460
"ვამაყობ ტრამპის შენობის აშენებით იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ" - რა ვიცით Sapir Organization-ზე, რომელიც ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, თბილისში "ტრამპ თაუერს" ააშენებს
70-სართულიან ცათამბჯენს, რომელიც საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა უნდა გახდეს, დონალდ ტრამპის ოჯახი ადგილობრივი პარტნიორების გარდა, ნიუ-იორკის უძრავი ქონების გიგნტ კომპანიასთან - Sapir Organization-თან ერთად ააშენებს.
რელიზში, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია ავრცელებს, ვკითხულობთ, რომ აღნიშნული დეველოპერული ჯგუფის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის, ალექს საპირის განცხადებით, საპირების ოჯახს საქართველოსთან ღრმა კავშირი აქვს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ასევე განმარტავს, რომ იმ ხედვასა და განვითარების ფილოსოფიაზე დაყრდნობით, რომელსაც საპირების ოჯახი და ბრენდი უკვე ათწლეულებია მიჰყვება, საქართველოში დამკვიდრდება უმაღლესი კლასის ცხოვრების სტილი.
„საქართველოში დაბრუნება პირველად მას შემდეგ, რაც ხუთი წლის ვიყავი, ჩემთვის ემოციური გამოცდილება იყო.
ამან გამახსენა, რამდენად ღრმაა ჩემი კავშირი ამ ქვეყანასთან და შთამაგონა მეფიქრა იმაზე, თუ რაში შემეძლო შემეტანა მნიშვნელოვანი წვლილი.
მეამაყება და ჩემთვის დიდი პატივია, ტრამპის შენობის აშენება იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ.
მჯერა, რომ ამ პროექტით ჩვენ შევქმნით ახალ რეალობას საქართველოში ტრანსფორმაციული სამშენებლო პროექტების დანერგვის კუთხით და შემოვიტანთ გლობალური მასშტაბის უმაღლესი კლასის ცხოვრების სტილს. იმ ხედვასა და განვითარების ფილოსოფიაზე დაყრდნობით, რომელსაც საპირების ოჯახი და ბრენდი ათწლეულების განმავლობაში მისდევს", - განაცხადა საპირმა.
ამასთან, როგორც ორგანიზაციის ინფორმაციაში აღინიშნება, ეს პროექტი წარმოადგენს The Sapir Organization-ის პირველ საერთაშორისო კომერციულ დეველოპმენტს, რაც კომპანიისთვის აშშ-ის ფარგლებს გარეთ გაფართოების გეგმაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
რა ვიცით კომპანიის საქმიანობის შესახებ
პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, ალექს საპირის ხელმძღვანელობით, რომელიც ამერიკული უძრავი ქონების ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება, The Sapir Organization-ი ნიუ-იორკსა და მაიამიში მაღალი კლასის ცხოვრების სტილის სიმბოლოდ იქცა.
კომპანია მართავს 7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს საცხოვრებელ და კომერციულ სექტორებში. განვითარებული აქვს დაახლოებით, 8 მილიონი კვადრატული ფუტის ფართობის პრემიუმ ხარისხის უძრავი ქონების პროექტები.
კომპანიის სახელს უკავშირდება ისეთი პრესტიჟული მისამართები, როგორიცაა 11 Madison Avenue და 260 Madison Avenue ნიუ-იორკში, ასევე მაღალი კლასის რეზიდენციები მაიამიში (მაგალითად, Arte Surfside).
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საპირების ორგანიზაციასა და ტრამპის ოჯახს მრავალწლიანი პროფესიული თუ პირადი ურთიერთობები აკავშირებთ. სწორედ ალექს საპირმა უხელმძღვანელა ნიუ-იორკში Trump SoHo-ს მშენებლობას, რაც იმ დროისთვის მანჰეტენის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციურ პროექტად ითვლებოდა.
რა აკავშირებს საქართველოსთან საპირების ოჯახს
ოჯახის ისტორია, რომელიც უკვე წლებია ნიუ-იორკის ცას ცვლის, სწორედ საქართველოდან იწყება.
ამ საქმიანობის სათავეში თავდაპირველად, თამირ საპირი (თემურ სეფიაშვილი) იდგა, რომელიც ყვარელში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, 1970-იან წლბეში, როდესაც ებრაელებს საბჭოთა კავშირის დატოვების უფლება მიეცათ, მან ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისრაელსა და გერმანიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი, 70-იანი წლების ბოლოს, საცხოვრებლად შტატებში გადავიდა.
ნიუ-იორკში, ემიგრაციაში ჩასული თამირ საპირი თავდაპირველად ტაქსის მძღოლად მუშაობდა, თუმცა დაზოგილი ფულით მალევე ელექტროტექნიკის მაღაზია გახსნა. მისი ბიზნესის გარდამტეხი მომენტი საბჭოთა კავშირთან ბარტერული გარიგებები აღმოჩნდა: მას ქვეყანაში ტექნიკა შეჰქონდა, სანაცვლოდ კი ნავთობს იღებდა და დასავლეთში ყიდდა.
ამ გზით დაგროვილი კაპიტალით, თამირ საპირმა მანჰეტენზე, ეკონომიკური კრიზისის დროს, საოფისე შენობები იაფად შეიძინა, სწორედ აქედან კი მისი უძრავი ქონების უმსხვილეს მაგნატად ჩამოყალიბების ისტორია იწყება. საბოლოოდ, ყოფილმა ტაქსის მძღოლმა, დონალდ ტრამპთან ერთად ცათამბჯენების მშენებლობაც კი დაიწყო.
დღეს თამირ საპირის მიერ დაფუძნებულ Sapir Organization-ს მისი შვილი, ალექს საპირი ხელმძღვანელობს, რომელმაც ოჯახური ბიზნესი უფრო თანამედროვე, დივერსიფიცირებულ ჰოლდინგად აქცია.



