1769505079
ვის ეკუთვნის ტოპ-5 კომპანია, რომელსაც საქართველოში ბრინჯი შემოაქვს
2025 წელს საქართველოში ბრინჯის იმპორტი წლიურად 20%-ით გაიზარდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში შემოვიდა 11.8 მლნ დოლარის ღირებულების 15 150 ტონა ბრინჯი, 2024 წელს კი 9.8 მლნ დოლარის ღირებულების 11 040 ტონა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ბრინჯის იმპორტი ძირითადად ინდოეთიდან და პაკისტანიდან განხორციელდა, სხვა ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო.
უფრო კონკრეტულად, 2025 წელს ტოპ-5 ქვეყანა ბრინჯის იმპორტში ასე გამოიყურებოდა:
- ინდოეთი - 7 მლნ დოლარის ღირებულების 8 544 ტონა;
- პაკისტანი - 1.9 მლნ დოლარის ღირებულების 3 676 ტონა;
- ვიეტნამი - 623 ათასი დოლარის ღირებულების 706 ტონა;
- იტალია - 415 ათასი დოლარის ღირებულების 210 ტონა;
- თურქეთი - 385 ათასი დოლარის ღირებულების 296 ტონა.
შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტებში ბრინჯზე არსებული ფასი განხილვის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 იანვარს განაცხადა, რომ ბრინჯი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის კონკრეტულ ქსელში 4-ლარზე ნაკლები ღირს, საქართველოში, იმავე ქსელში კი ფასი თითქმის 11 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ კომპანიებით, რომლებმაც 2025 წელს ყველაზე მეტი ღირებულების ბრინჯის იმპორტი განახორციელეს.
„საქსტატის“ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ხუთეულში ხვდებიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა: შპს „გიდანი“, შპს „დაფნა“, შპს „ორი ნაბიჯი, შპს „პოლა“ და შპს „ფუდჯორჯია 2022“. აქვე აღსანიშნავია, რომ ხუთეულში შემავალი კომპანიებიდან ორი - „პოლა“ და „გიდანი“ - ერთი პირის საკუთრებაშია.
რომელ კომპანიებს შემოაქვს ბრინჯი საქართველოში
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ სამეწარმეო რეესტრის ბოლო მონაცემების მიხედვით გთავაზობთ, ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების ბრინჯი შემოაქვს:
„გიდანი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. ბოლო მონაცემებით, კომპანიაში დირექტორის თანამდებობას გურამ ბერიძე იკავებს. რაც შეეხება მესაკუთრეს, „გიდანის“ 100%-იან წილს ემზარ გელაძე ფლობს.
„პოლა“ ბიზნეს რეესტრში 2009 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი გივი გელაძე, ხოლო მესაკუთრე ემზარ გელაძეა.
„ორი ნაბიჯი“ ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს. კომპანიის გენერალური დირექტორი არჩილ მელიქაძეა, ხოლო დირექტორი შოთა გიორგაძე. კომპანიის წილები კი ასე ნაწილდება: გოჩა ცქიტიშვილი - 33.34%, გიორგი ჩხეიძე - 33.3%, კახი ბექაური - 33.33%.
„დაფნა“ სამეწარმეო რეესტრში 2009 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილებს სრულად ფლობს აზერბაიჯანში დაფუძნებული შპს „ანადოლუ ინვესთმენთ კომპანი“. ამასთანავე, „დაფნას“ დირექტორის თანამდებობას აზერბაიჯანის მოქალაქე ვუგარ არაბოვი იკავებს.
„ფუდჯორჯია 2022“ ბაზარზე 2022 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის წილების მესაკუთრე და დირექტორი დავით ლაბაძეა.



