1763719438
ვის ეკუთვნის ტოპ-5 კომპანია, რომელსაც საქართველოში ჩინეთიდან გაყინული ქათამი შემოაქვს
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში გაყინული ქათმის ნაწილებისა და სუბპროდუქტების იმპორტი 20%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში 88.159 მლნ დოლარის ღირებულების 60 387 ტონა გაყინული ქათმის ნაწილებისა და სუბპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 73.275 მლნ დოლარის ღირებულების 49 651 ტონა ქათმის ნაწილები შემოვიდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ათ თვეში საქართველოში ქათმის ნაწილებისა და სუბპროდუქტების იმპორტში 39%-იანი წილით ჩინეთი ლიდერობდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში აღნიშნული ბაზრიდან საქართველომ 34.446 მლნ დოლარის ღირებულების 20 225 ტონა ქათმის ნაწილები შეიძინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ კომპანიებით, რომლებსაც საქართველოში ჩინეთიდან შინაური ქათმის ნაკლავის გაყინული ნაწილები და სუბპროდუქტები შემოაქვს.
საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში აღნიშნული პროდუქცია ყველაზე მეტი ღირებულების შემდეგმა კომპანიებმა შემოიტანეს: შპს „ვესტ ინვესტ“, შპს „იზი“, შპს „კაკსო 2015“, შპს „ფუდსერვისი“ და შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“.
სამეწარმეო რეესტრში არსებული ბოლო მონაცემების თანახმად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ვის ეკუთვნის აღნიშნული კომპანიები:
- „ვესტ ინვესტი“ 2006 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მფლობელი ცისბედი ქართველიშვილია, დირექტორის პოსტს კი ირაკლი ჩაჩავა იკავებს.
- „იზი“ სამეწარმეო რეესტრში 2012 წელს არის რეგისტრირებული. წილებს სრულად იაგორი გერაძე ფლობს, დირექტორი კი ირაკლი გერაძეა.
- 2015 წლიდან ოპერირებს ბაზარზე „კასკო 2015“. კომპანიაში წილების 70%-ს ლევან კაჭარავა ფლობს, დარჩენილი 30% კი ლევან ჭიორელის საკუთრებაშია. კომპანიაში დირექტორის თანამდებობას მამუკა მინდიაშვილი იკავებს.
- „ფუდსერვისი“ 2018 წელს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში. კომპანიის მფლობელი არის შპს „ჰოლდინგ. ჯი“. თავის მხრივ „ჰოლდინგ. ჯის“ 100%-იან წილებს არჩილ გეგენავა ფლობს.
- 2012 წელს დარეგისტრირდა რეესტრში „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, რომლის დირექტორიც ლევან წიკლაურია. წიკლაური ფლობს კომპანიის 60%-იან წილსაც, წილების 40%-ის მფლობელი კი ნოდარ ჯაფარიძეა.
შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.



