გვენეტაძე: გლობალური ინფლაციური წნეხი გაზრდილია და საქართველოშიც ორნიშნა ინფლაცია გვაქვს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

გლობალური ინფლაციური წნეხის გაზრდა საქართველოზეც აისახება.

კობა გვენეტაძემ ინფლაციასა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზე Euromoney-ს კონფერენციაზე ისაუბრა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მქონე სხვა ბანკების მსგავსად, ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

"ამავე დროს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შევუწყოთ მდგრად ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, ისე რომ საფრთხე არ შეექმნას ძირითადი ამოცანის შესრულებას,“ - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა. მისი შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში, ერთჯერადი ეგზოგენური შოკების გამო, ინფლაცია შესაძლებელია მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადაიხაროს, რაც ხანდახან, შეცდომით, როგორც ფასების არასტაბილურობა, ისე აღიქმება. "ეჭვგარეშეა, რომ პანდემიით გამოწვეულმა ფისკალურმა სტიმულმა, გადავადებული მოთხოვნის გააქტიურებამ და მიწოდების ჯაჭვების რღვევამ გლობალურად ინფლაციური წნეხის ზრდა გამოიწვია. არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი და 2021 წლის მეორე ნახევრიდან ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებდა. ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტების დროული გამოყენებით, ჩვენ ველოდებით, რომ ინფლაციის მიმდინარე დონე საქართველოში მართლაც დროებითი აღმოჩნდება“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. "ევრომანის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერთა საზოგადოების პირველი შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. დისკუსიის მთავარი თემა ცენტრალური ბანკების მანდატის განსაზღვრა და სისტემური რისკების მონიტორინგი იყო. ცენტრალური ბანკების ლიდერთა საზოგადოება Euromoney - ის ინიციატივით 2022 წელს შეიქმნა და მისი მიზანი წევრებს შორის მოსაზრებების გაცვლა და გამოცდილების გაზიარებაა. ცენტრალური ბანკების ლიდერთა საზოგადოების პირველ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მთავარი ბანკირები.