ვენეციაში შესვლა შესაძლოა, 30 ევრო გახდეს

ვენეცია

ვენეციის ხელისუფლება ქალაქის დატვირთვის შესამსუბუქებლად ტურისტული გადასახადის გაზრდას განიხილავს. ინფორმაციას BILD ავრცელებს.

გადასახადი გარკვეულ დღეებში, მაგალითად, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მნიშვნელოვნად გაიზრდება. კერძოდ, ასეთ დღეებში ტურისტებს 5 ან 10 ევროს ნაცვლად 30 ევროს გადახდა მოუწევთ. გადასახადი შესაძლოა, 2027 წლიდან გაიზარდოს.

ტურისტული გადასახადი ქალაქისთვის მეტად მომგებიანი აღმოჩნდა, რომლის შემოსავალიც წელს 5 მლნ ევროთი გაიზარდა. ამის მიუხედავად, ვენეციის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გადასახადი მეტად დაბალია, გადატვირთულობას ვერ ერევა და ვიზიტორების ნაკადს ვერ ზღუდავს.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მაღალი გადასახადი ხალხს ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ უფრო მშვიდ დღეებში ვიზიტისკენ წაახალისებს, რადგან ამ დღეებზე გადასახადი არ იმოქმედებს.

ამასთან, ვენეციაში რამდენიმე დღით დარჩენილი ტურისტებისთვის ფასები შესაძლოა, მოიმატოს. ქალაქის ადმინისტრაცია ტურისტული გადასახადის გაზრდას სასტუმროებსა და აპარტამენტებზეც განიხილავს.

ცნობისთვის: 5 ან 10 ევროს გადასახადი სატესტო მოდელი იყო და 27 ივლისამდე მხოლოდ დღესასწაულებსა და შაბათ-კვირას მოქმედებდა. ამჟამად ტურისტებს ქალაქის მონახულება უფასოდ შეუძლიათ. გადასახადი შესაძლოა, 2027 წლის გაზაფხულზე აღდგეს. თუმცა ამისთვის ქალაქს იტალიის მთავრობის თანხმობა სჭირდება.