იანვარში ქლიავი 98%-ით გაძვირდა - სად ვყიდულობთ და რამდენად

ქლიავი

2026 წლის იანვარში საქართველოში ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქციას შორის პირველ ადგილზე ქლიავი იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვარში ქლიავის ფასი წლიურად 98%-იან ზრდას აჩვენებს.

ფასების ზრდის ფონზე "ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რომელი ქვეყნებიდან ახორციელებს საქართველო ქლიავის იმპორტს და როგორია საიმპორტო ფასები.

"საქსტატის" მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წელს ქვეყანაში ქლიავის იმპორტი ღირებულებაში წლიურად 33.7%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს საქართველოში 304.1 ათასი დოლარის ღირებულების 342 ტონა ქლიავი შემოვიდა, ხოლო 2024 წელს იმპორტირებულია 227.4 ათასი დოლარის ღირებულების 261 ტონა ქლიავი.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ქლიავის საიმპორტო ფასი მცირედით - 1 ცენტით არის გაზრდილი. ასე მაგალითად, 2025 წელს 1 კგ. ქლიავის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 88 ცენტი იყო, წინა წელს კი 87 ცენტი.

ქლიავი გაძვირდა - სად ვყიდულობთ და რამდენად

რაც შეეხება სავაჭრო ბაზრებს, 2025 წელს ყველაზე მეტი ღირებულების ქლიავი ნიდერლანდებიდან შემოვიდა, ხოლო ყველაზე მეტი რაოდენობის თურქეთიდან.

ამასთანავე, ნიდერლანდებიდან 1 კგ. ქლიავის იმპორტი საშუალოდ 3.2 დოლარი ჯდებოდა, ხოლო თურქეთიდან - 42 ცენტი.

უფრო კონკრეტულად, გასულ წელს ყველაზე მეტი ღირებულების ქლიავის იმპორტი შემდეგი 5 ქვეყნიდან განხორციელდა:

  • ნიდერლანდები - 128.7 ათასი დოლარის 40 ტონა (1 კგ. საშუალოდ 3.2 დოლარი);
  • რუსეთი - 75.2 ათასი დოლარის 58 ტონა (1 კგ. საშუალოდ 1.3 დოლარი);
  • თურქეთი - 60.8 ათასი დოლარის 143 ტონა (1 კგ. საშუალოდ 42 ცენტი);
  • აზერბაიჯანი - 16 ათასი დოლარის 32 ტონა (1 კგ. საშუალოდ 50 ცენტი);
  • სომხეთი - 12.5 ათასი დოლარის 41 ტონა (1 კგ. საშუალოდ 30 ცენტი).