მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი გაიზარდა - გაძვირდება თუ არა პურპროდუქტები საქართველოში?

პური

მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მიწოდების შეფერხებამ მარცვლეულზე ფასის მატება გამოიწვია. ერთ ტონაზე გაძვირება 3-4 დოლარს შეადგენს. გაძვირება ლოგისტიკურმა პრობლემებმა განაპირობა, რადგან შავ ზღვაში გემებით გადაზიდვები შეფერხდა. რა გავლენას მოახდენს ხორბალზე ფასის მატება და აისახება თუ არა ეს საქართველოში წარმოებულ პურპროდუქტებზე? კითხვით ,,კომერსანტმა’’ პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარეს მიმართა. მალხაზ დოლიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პურპროდუქტების გაძვირება მოსალოდნელი არ არის, რადგან ქვეყანას ხორბლის მარაგი აქვს. გარდა ამისა, საქართველოში წელს მარცვლეულის კარგი მოსავალი მოვიდა.

„გაძვირება არ არის მოსალოდნელი. ჯერ ერთი, საქართველოს ამ ბოლო წლებში ევრო რეკომენდაციებით უნდა ჰქონდეს გარდამავალი ნაშთი, ანუ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სამ თვიანი ნაშთი, რომ ბეღელი იყოს სავსე. გარდა ამისა, წელს საქართველოში ხორბლის მოსავალი 200 ათასი ტონა იყო. ესეც გარკვეული რეზერვია და ხმარობენ ქართულ ხორბალს. რუსული ხორბლის რეზერვი და ქართული ხორბლის მაგარი არის. ასეთი რყევები მუდმივად არის რუსეთ-უკრაინის ომის გამო. ხან პორტები ჩაიკეტა, ხან გზა იყო გადაკეტილი. მერე რუსეთმა ავღანეთში შეიტანა ხორბალი და ყაზახეთს გამოუთავისუფლდა რაოდენობები და სად წაიღოს თავისი მოსავალი არ იცის. ამიტომ ყაზახეთიდან იყო შემოთავაზება. აქედან გამომდინარე, დღეს ლაპარაკი, რომ ხორბალზე რაიმე დაძაბულობაა არ არის სწორი. 4 დოლარით გაძვირება არ წყვეტს არაფერს, რომ ეს ფასწარმოქმნაზე აისახო“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.