"ნაკლები პროდუქცია ნიშნავს მაღალ ფასს" - რატომ გაძვირდა ხილი და ბოსტნეული საქართველოში?

პროდუქტები

სექტემბერში, ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის ძირითადად ხილი და ბოსტნეულია. სურსათის ჯგუფში ფასების თითქმის 12%-იან გაძვირება დაფიქსირდა. აღნიშნულ ჯგუფში კი სამომხმარებლო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად - 25%-ით გაძვირებულია ხილი, ხოლო ბოლო ერთწლიან ჭრილში ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე ფასები გაზრდილია 19.5%-ით.

სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლები ამას რამდენიმე მიზეზით ხსნიან, მათ შორის ადგილობრივი წარმოების სისუსტით, შესაწამლი საშუალებების ინფლაციით და პროდუქციის დეფიციტით, რაც წელს საგაზაფხულო ყინვებს უკავშირდება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ადგილობრივი წარმოების სისუსტე, ზოგადად, სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის საერთოდ უყურადღებოდ ყოფნა და სუსტი მუშაობა შესაბამისი სტრუქტურების იმისათვის, რომ გაძლიერდეს ეს მიმართულება, რომელიც, პირველ რიგში, დაკავშირებულია სასურსათო უსაფრთხოებასთან, ადამიანების დასაქმებასთან და ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის ადგილზე წარმოებასთან.

მეორე ფაქტორია კლიმატური პირობები. ჩვენდა სამწუხაროდ, საგაზაფხულო ყინვების გამო, ძალიან დიდი რაოდენობით მოსავალი დაზიანდა. ეს ეხება ხილს, კენკროვან კულტურებს, თუმცა ბოსტნეულის შემთხვევაში ამას ვერ ვიტყვით. ბოსტნეულის შემთხვევა სწორედ იმას უკავშირდება, რომ არ ექცევა სათანადო ყურადღება ამ მიმართულებას და არ იდება შესაბამისი ინვესტიციები, არ ინერგება ახალი ტექნოლოგიები, რომ ჩვენი ქვეყნის აგროსექტორი დაეწიოს თანამედროვე ტენდენციებს. აი, ეს ძირითადი ფაქტორები არის ის, რის გამოც ფასები არის მომატებული. ნაკლები პროდუქცია ნიშნავს მაღალ ფასს.

კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი ფაქტორია თავად ინფლაციის პროცესი. სოფლის მეურნეობის წარმოებაც შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან, მათ შორის ენერგომატარებლების ფასი არის გაზრდილი, აგრეთვე შესაწამლი და სასუქების ფასებიც მომატებულია, რაც ფერმერებს სჭირდებათ და აქედან გამომდინარე პროდუქციის თვითღირებულება გაზრდილია და ახალი ტექნოლოგიების არარსებობის გამო პროდუქციის მოყვანა ჩვენს ფერმერებს ძვირი უჯდებათ.

ასევე, გლობალურად თუ შევხედავთ, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით მიწები არის ზედმეტად ფრაგმენტირებული და ვერ დაადგა საშველი იმას, რომ მსხვილი და კოოპერირებული მეურნეობები იქნეს სტიმულირებული და განვითარებული ჩვენს ქვეყანაში, რომ თვითონ ჰექტრობრივი მოსავალი გაიზარდოს. ეს ყველაფერი იწვევს ნაკლებ მოსავალს, მაღალ ფასებს და იმპორტზე დამოკიდებულებას”, - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ცნობისთვის, სექტემბერში საქართველოში ფასების დონე წინა წელთან შედარებით 4.8%-ით გაიზარდა. ეს 2023 წლის აპრილის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ინფლაციაა.