რკინიგზით შემოტანილი ტვირთის 37% რუსეთიდან გამოიგზავნა

სატვირთო მატარებელი

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზით 3.6 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წლიურად 0.7%-ით შემცირებაზე მიუთითებს.

საქსტატის მიხედვით, ტვირთის 10.1% - ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30.5% - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.4% ტრანზიტზე მოდის.

ამავე მონაცემების თანახმად, წელს მესამე კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 76.9% მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 23.1% კი - ქვეყნიდან გატანილზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 37% რუსეთიდან გამოიგზავნა, 30.8% კი აზერბაიჯანიდან.

„თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 32.2 პროცენტი)“, - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

რაც შეეხება გადატანილ ტვირთებს, საქართველოდან ტვირთის 13.5% გადაიზიდა ყაზახეთში, 10.4% რუსეთში, 10.3% სომხეთში, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში გადატანილი ტვირთი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო.

რაც შეეხება ტრანზიტს, ამ შემთხვევაში გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო:

  • ნიდერლანდები - 14.4 პროცენტი;
  • თურქეთი - 7.7 პროცენტი;
  • აშშ - 4.9 პროცენტი;
  • უკრაინა - 3.8%;
  • იტალია - 3.3%;
  • ჩინეთი - 2.6%;
  • რუმინეთი - 2.5%;
  • სხვა ქვეყნები - დანარჩენი.