რომელ სექტორებშია საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ყველაზე მაღალი - სტატისტიკა

ფული

ჩრდილოვან ეკონომიკა, ანუ უფრო სწორედ დაუკვირვივებადი ეკონომიკა საქსტატის შეფასებით, 2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით ეკონომიკის 13.6%-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

დაუკვირვებადი ეკონომიკა წარმოადგენს ეკონომიკის იმ ნაწილს, რომლის დროსაც საქონლის თუ მომსახურების მიწოდება ხდება ან არარეგისტრირებული მიმწოდებლების მიერ ან მათ მიერ მიწოდებული საქონელი და მომსახურება საგადასახადო (დღგ-ის) ბრუნვაში არ ხვდება, რადგან ის არააღრიცხულია. მაგალითად, სარემონტო სამუშაოების მიწოდებისთვის მუშების დაქირავება ხელშეკრულების გარეშე, რეპეტიტორის მიერ სერვისის მიწოდება, მცირე ფერმერის მიერ მოყვანილი საქონლის საცალო რეალიზაცია და სხვა საქმიანობები, რომელთა აღრიცხვაც არ ხდება.

საქსტატის თანახმად, 2010 წელს დაუკვირვებადი ეკონომიკა მშპ-ის 23.1% იყო, 2015 წელს ის 13.6%-მდე შემცირდა, რის შემდეგაც ის 12%-13%-ის ფარგლებში მერყეობს.

2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, დაუკვირვებადი საქმიანობების წილი ყველაზე მაღალია სექტორში სახელწოდებით - "სხვა სახის მომსახურება" და ის ამ სექტორის 72.2%-ს შეადგენს. ამ სექტორში შედის ყველა ის მომსახურება, რომელიც ეკონომიკის სხვა სექტორებში არ შედის. რაც შეეხება მეორე პოზიციას ესაა, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის სექტორი აქ შედის როგორც სასტუმროს სერვისები, ასევე ბინების მოკლევადიანი გაქირავებები და სხვა, ამ სექტორში ბრუნვის 51.6% სწორედ დაუკვირვებად ეკონომიკაზე მოდის. მესამე ადგილზე კი ჯანდაცვის სერვისებია, რაც სექტორის 19.2%-ია. ეს მოიცავს ექიმების მიერ მიწოდებულ არააღრიცხულ სერვისებს და სხვა მომსახურებებს.

დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი სექტორების მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით:

ეკონომიკური საქმიანობის სახეები 2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით - წინასწარი შეფასება
სხვა სახის მომსახურება 72.20%
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები 51.60%
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 19.20%
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 18.10%
ტრანსპორტი და დასაწყობება 17.40%
სამთომოპოვებითი მრეწველობა 16.20%
ხელოვნება, გართობა და დასვენება 16.10%
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 15.70%
განათლება 15.70%
დამამუშავებელი მრეწველობა 14.00%
მშენებლობა 13.00%
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები 5.40%
ინფორმაცია და კომუნიკაცია 4.70%
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 3.90%
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 3.80%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 3.50%
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 1.10%
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 0.50%
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 0.00%
შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის 0.00%
სულ 13.60%