1765693967
„თუ 2027 წლიდან ახალი კონტრაქტი არ იქნა გაფორმებული, ქვეყანა უზარმაზარი მოცულობის გაზს დაკარგავს“
„თუ 2027 წლის იანვრიდან ახალი კონტრაქტი არ იქნა გაფორმებული, ქვეყანა უზარმაზარი მოცულობის გაზს დაკარგავს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც გოცირიძე ამბობს, შაჰდენიზის საერთაშორისო კონსორციუმთან ერთ-ერთ კონტრაქტს, რომელიც საქართველოსთვის 500 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას უზრუნველყოფს, ვადა 2026 წლის ბოლოს გასდის. მისივე თქმით, ქართულ მხარეს ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს.
„როგორც ცნობილია, საქართველო იღებს აზერბაიჯანიდან 500 მლნ კუბურ მეტრ ე.წ. დამატებით გაზს, რომელსაც ვადა გასდის 2026 წლის ბოლოს და რა თქმა უნდა, აუცილებელია ამ ხელშეკრულების განახლება. მასზე საუბარი ჯერ კიდევ 2025 წელს უნდა დაწყებულიყო, ვინაიდან, შაჰდენისის კონსორციუმში დადგენილი პროცედურებით, მას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო გადაწყვეტილების მისაღებად. შეიძლება, ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ამ თემამ იმიტომ წამოიწია, რადგან 2026 წელი დგება. თუმცა, ეს ასე არ არის. 2026 წელს კვლავ მივიღებთ ამ რაოდენობის გაზს. 2027 წლის იანვრიდან კი თუ ახალი კონტრაქტი არ იქნა გაფორმებული, ამ უზარმაზარი მოცულობის გაზს, რა თქმა უნდა, ქვეყანა დაკარგავს. ეს ძალიან მძიმე იქნება როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური შედეგების თვალსაზრისით.
აზერბაიჯანის რკინიგზის ტარიფებთან და ტრაილერებთან დაკავშირებული ინციდენტები გახდა კატალიზატორი ამ საკითხის წამოწევის. თითქოს, გამომდინარე შექმნილი ვითარებიდან, აზერბაიჯანი არ მოგვაწვდის გაზს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ აზერბაიჯანი, როგორც სახელმწიფო აქ არაფერ შუაში არ არის. საქართველო ამ დამატებით 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს იღებს შაჰ დენისის საერთაშორისო კონსორციუმიდან. ეს არ არის აზერბაიჯანის სახელმწიფოს კუთვნილი გაზი. „სოკარის“ გაზად წოდებულ აზერბაიჯანულ გაზს საქართველო იღებს, საკმაოდ დიდი რაოდენობით - 1 მლრდ კუბურ მეტრს. თუმცა, მეორე მთავარი მომწოდებელი ეს არის შაჰდენიზის საერთაშორისო კონსორციუმი.
კონსორციუმი გვაწვდის გატარებული გაზის 5%-ს, ეს არის დაახლოებით 1 მლრდ კუბური მეტრი. ამაზე ხელშეკრულება 2068 წლამდე გრძელდება და არაფერი ემუქრება. ხოლო გაზის მეორე, საკმაოდ დიდ ნაწილს, წელიწადში 500 მილიონ კუბურ მეტრს ვიღებთ ძალიან შეღავათიან ფასად. 55 დოლარი 1000 კუბურ მეტრზე, რაც არის საბაზროზე 5-6-ჯერ ნაკლები. სწორედ ამ ხელშეკრულებას გასდის ვადა 2026 წლის ბოლოს და სწორედ ამაზეა საუბარი, რომ მოლაპარაკება უნდა დაიწყოს კონსორციუმთან და არა აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან. ამიტომ არის არასწორი ინტერპრეტაციები გაკეთებული, თითქოსდა ამ გაზის ბედი აზერბაიჯანის გადასაწყვეტია.
მეორეს მხრივ, საერთაშორისო კონსორციუმი არის ძალიან გიგანტური კომპანიის, ბრითიშ პეტროლიუმის მთავარი აქციონერობით დაფუძნებული კონსორციუმი. კონსორციუმში მნიშვნელოვან როლს თამაშობს თავად ბრითიშ პეტროლიუმი. ზოგადად, გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო პოლიტიკური პოზიციები. მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები. როგორი ურთიერთობაც გვექნება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბევრ საკითხში. თუნდაც ამ კონკრეტულ საკითხშიც, როგორიცაა იაფი გაზის მიღება ქვეყნისთვის.
თუმცა, მხოლოდ ბრითიშ პეტროლიუმი ამ საკითხს ვერ გადაწყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ ის არის მთავარი აქციონერი, ასევე მნიშვნელოვანი წილის მფლობელია 3 სახელმწიფო. ეს არის თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. რუსეთს აქვს დაახლოებით 20%-იანი წილი შაჰდენიზის კონსორციუმში, რომელიც მოიპოვებს გაზს და ნავთობს. ასე რომ, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს მხოლოდ ბრითიშ პეტროლიუმი, როგორი კეთილი სურვილებიც არ უნდა ჰქონდეს მას. ან თუნდაც ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც არც ისე კარგად უყურებს დღეს საქართველოს. სხვა მოთამაშეებზეც არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანს ყოველთვის ეთქმის თავისი სიტყვა. არა იმიტომ, რომ აზერბაიჯანში მოიპოვება გაზი, არამედ იმიტომ, რომ ის არის შაჰდენიზის კონსორციუმის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი“, - აცხადებს გოცირიძე.



