„ტყუილად ელოდებით ფასების შემცირებას, პირიქით, პროდუქტი უფრო გაძვირდება - მაინტერესებს, სუს-მა ფასები როგორ უნდა „დაადგინოს"?

ხუხაშვილი

"პრემიერი კობახიძე საქართველოში საბჭოთა კავშირის დროინდელი "გოსპლანის" დაბრუნებას აპირებს", - ამგვარად შეაფასა ეკონომიკური საკითხების ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ხელისუფლების ახალი ინიციატივა პროდუქტის ფასების შემცირების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს საზღვრიდან დახლამდე ჯამ­ური­ ფასნამატი 86 პროცენტს აღწევს და ხელისუფლება აპირებს მუშაობა დაიწყოს როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ისე სუპერმარკეტების ქსელებთან, რათა ფასების შემცირების რესურსი გამოავლინოს. პრემიერი არ გამორიცხავს კარტელურ გარიგებებსაც და ამბობს, რომ შესაძლოა საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვქონდეს, რის გამოც პროცესში სამართალდამცავი სტრუქტურებიც უნდა ჩაერთონ. მისივე განცხადებით, კითხვები ყველა­ შესაბამის პირს დაესმება, ხოლო ოპოზიცია­ "მაღალი ფასების მხარეს" დგომაში დაადანაშაულა. რამდენად რეალურია ფასების შემცირება ადმინისტრაციული ჩარევით? რას ნიშნავს "86 პროცენტი საზღვრიდან დახლამდე" და რეალურად სად გროვდება ძირითადი ფასნამატი, ლოჯისტიკაში, ქსელურ ვაჭრობაში თუ ბაზრის ზოგად სტრუქტურაში? ხომ არ იქცევა ფასების პრობლემა პოლიტიკური გავლენების, ბიზნესზე ზეწოლის ინსტრუმენტად? ამ საკითხებზე ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

- ხელისუფლება ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს ხალხზე ზრუნავს. სინამდვილეში ეს ფარსია. საბაზრო ეკონომიკაში ფასებზე საბოლოო პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან ფასების ასეთი ზრდა პირდაპირ კავშირშია კონკურენციის შეზღუდვასთან. ნორმალურ ეკონომიკაში განვითარებული ინფრასტრუქტურა და ფართო რეალიზაციის ქსელი ფასებს ამცირებს, რადგან იზრდება კონკურენცია, მაგრამ როცა ხელისუფლება თავად უწყობს ხელს ბიზნესების გამსხვილებას, ეს იწვევს მონოპოლიების, ოლიგოპოლიებისა და კარტელური გარიგებების ჩამოყალიბებას. ასეთი სისტემები ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე არ ყალიბდება. ამიტომ, თუ სადმე ფასები დამახინჯებულია, ეს სუს-ის შეშვებით და ვიღაცების დასჯით არ მოგვარდება, პრობლემა ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უქონლობაა. როცა ბიზნესმენებს პარტიულ სალაროსთან აყენებენ და ზოგს 200 ათასს ახდევინებენ, ზოგს 60 ათასს და ზოგსაც 300 ათასს, ეს თანხა პროდუქტის თვითღირებულებაში ჯდება. მერე უკვირთ, რატომ ძვირდება პროდუქტიო? იმიტომ ძვირდება, რომ ბიზნესს აქვს პოლიტიკური გადასახადი და პოლიტიკური რისკი, რაც საბოლოოდ ფასებში აისახება. პრემიერ კობახიძის განცხადება, რომ თითქოს ქვეყანაში "ძალიან ბევრი მარკეტია" და ეს არის ფასების ზრდის მიზეზი, ეკონომიკური უცოდინარობის მაგალითია. ელემენტარული ეკონომიკური კანონია: რაც უფრო მეტია რეალიზაციის ინფრასტრუქტურა, მით უფრო დაბალი უნდა იყოს ფასები. მარკეტების სიმრავლე ფასებს კი არ ზრდის, ამცირებს. თუ ასე არ ხდება, ე.ი. ქვეყანაში არაჯანსაღი გარემოა, რომელზეც პასუხისმგებელი თავად ხელისუფლებაა. მაინტერესებს, სუს-მა ფასები როგორ უნდა "დაადგინოს"? კანონით ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ფასნამატი დაადოს პროდუქტს. ჯანსაღ ბაზარზე ძვირად ვერ გაყიდი, რადგან კონკურენტი იაფად გაყიდის და გაიძულებს ფასის დაწევას. დაბალი ფასების ერთადერთი გარანტია კონკურენციაა. სადაც კონკურენცია არ არსებობს, იქ იწყება ფასების მონოპოლიური ზრდა და დღეს სწორედ ეს ხდება.

- პრემიერი საუბრობს შესაძლო კარტელურ გარიგებებზე, ასევე აცხადებს, რომ საზღვრიდან დახლამდე ჯამური ფასნამატი 86 პროცენტს აღწევს. რა მეთოდოლოგიით შეიძლება იყოს მიღებული ეს რიცხვი, რა კომპონენტები შედის მასში და რეალურად, საქართველოს ბაზარზე ფასის ზრდის ძირითადი წნეხი სად ყალიბდება, დისტრიბუციის ეტაპზე თუ საცალო ქსელებში?

- ეს იაფფასიანი პოპულიზმია. თუმცა­ ეჭვი მაქვს, კობახიძე ეკონომიკურ პროცესებში ვერ ერკვევა. ვინ ქმნის­ ამ კარტელურ გარემოს? ისევ ხელისუფლება.­ ავიღოთ ბიზნესასოციაცია, ეს ხომ ფაქტობრივად კარტელური სისტემის პროდუქტია. ის ლობირებს საკუთარ წევრებს კონკურენციაში, ისინი აფინანსებენ პარტიებს და ამის სანაცვლოდ გარანტიებს იღებენ. მერე, როცა ხელისუფლება ვითომ "ებრძვის" კარტელს, იგივე ბიზნესები ეტყვიან, ფული რომ მოგვთხოვეთ პარტიულ სალაროში, სად უნდა გვეშოვა, თუ მონოპოლია არ გვექნებოდა და ტენდერებს მარტო ჩვენ არ მოვიგებდითო? ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და სხვების კორუფციული საქმეები გავიხსენოთ, საიდან მიდიოდა მათთან ფული?! ბიზნესიდან ხომ არა?! ეს ე.წ. ხარკი პროდუქტის თვითღირებულებაში არ აისახებოდა?! იმ 86%-იან ფასნამატში მინიმუმ 15-20% პოლიტიკური კორუფციის შედეგია. თუ ეს წნეხი მოიხსნება და ბიზნესი პოლიტიკური რისკებისგან გათავისუფლდება, ჯანსაღი კონკურენცია თვითონ დაარეგულირებს ფასებს. ამას ხელისუფლებისა და სუს-ის ჩარევა კი არა, თავისუფალი ბაზარი სჭირდება.

- შეიძლება საბოლოოდ ყველა ჯოხი ღარიბაშვილზე გადატყდეს?

- რატომ მხოლოდ ღარიბაშვილზე? მამუკა ხაზარაძის სადისტრიბუციო კომპანიასაც მიადგნენ, რაც სასაცილოა. ამ კომპანიას დისტრიბუციის სეგმენტის მხოლოდ 2% უჭირავს. ეს არის კლასიკური მანიპულაცია: თითქოს მიზეზები სხვაგანაა, თითქოს კონკრეტული "დამნაშავეები" უნდა ვიპოვოთ, რეალურად კი მიზანი პასუხისმგებლობის გადატანაა. ვიღაცებს გადააბრალებენ ყველაფერს, თვითონ კი ძალაუფლებაში დარჩებიან. გათვლა სწორედ ამაზეა.

- ე.ი. კიდევ დაისჯებიან ვიღაცები?

- ფასის გამო ვერავის დასჯიან. ჩვენი კანონმდებლობით, თუნდაც 100%-იანი ფასნამატი დაადო პროდუქტს, ამისთვის პასუხს ვერავინ მოგთხოვს. ეს საბაზრო ეკონომიკაა.

- თუ კარტელურ გარიგებაში დაადანაშაულებენ?

- კარტელური გარიგებები შეიძლება არსებობდეს ისეთ ბაზრებზე, სადაც­ კონცენტრაცია მაღალია, მაგალითად, ფარმაცევტულ სექტორსა და ნავთობპროდუქტებში. ვინ არიან ამ ბაზრებზე მთავარი მოთამაშეები? სწორედ ის კომპანიები,­ რომლებიც ხელისუფლებას ხარკს უხდიან.­ ეს ხარკი ხომ ჰაერიდან არ მოდის?! თუ ბაზარს ხელოვნურად არ აკონტროლებ, ამ ფულს საიდან მოიტან? ხელისუფლებას­ უნდა ერთდროულად ხარკიც აიღოს და დაბალი ფასებიც ჰქონდეს, ეს კი არ მუშაობს.

- შეიძლება თუ არა მცირედით მაინც შემცირდეს პროდუქტის ფასები?

- დიდი ბოდიში, მაგრამ გახსოვთ კამპანია წამლებთან დაკავშირებით? რა აღშფოთებით საუბრობდნენ "ქართული ოცნების" წევრები წამლების განუზომლად მაღალ ფასებზე? მაშინაც დიდი ხმაური იყო, განცხადებები, "ბრძოლა ფასებთან"…და მერე რა მოხდა? ბოლოს ისევ გარიგდნენ და ყველაფერი ძველებურად დარჩა.

- მე ისიც მახსოვს, "ორმა ბანკმა რომ "გადაჭამა" ყველაფერი.

- ძალიან კარგად გაიხსენეთ ბანკების თემა. კამპანია რომ დაიწყეს, ბანკების მოგება კი არ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა.­ როგორ გგონიათ, რის ხარჯზე? მომსახურების ღირებულების ზრდის ხარჯზე. ყველაფერი იწყება პოპულისტური განცხადებებით და "ნიანგის ცრემლების"­ ღვრით. ამიტომ ტყუილად ელოდებით ფასების შემცირებას, პირიქით, მოიმატებს. ახლა, როცა სუს-ი შევიდა მაღაზიებში, იმასაც ხომ რაღაც უნდა "აჭამონ", რომ თავი დაანებონ?! და სუს-ს რომ "აჭმევენ", ეს ხარჯი სად აისახება? საბოლოოდ ისევ ფასებში. ამიტომ პროდუქტი უფრო გაძვირდება.

- ეს მოცემულობა საბჭოთა პერიოდის ეკონომიკასთან პარალელებს ავლებს?

- საბჭოთა კავშირში იყო სახელმწიფო­ ფასები და რეალური ეკონომიკა საერთოდ არ არსებობდა. არსებობდა ე.წ. გოსპლანი, რომელიც ფასებს ზემოდან ადგენდა. დღეს კობახიძე ფაქტობრივად იმავე მოდელის შექმნას ცდილობს, თუმცა ვერ იმუშავებს, მაგრამ თავად გზავნილი სწორედ იქამდე მიდის - საბჭოთა ტიპის მართვამდე. ეს არის უკიდურესად სახიფათო და აბსურდული მიდგომა თანამედროვე ეკონომიკაში.

- პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის დისკუსიისთვის, დაუძახებენ ყველას და დაუსვამენ კითხვებს, თუმცა ოპოზიციაში ამის მზაობა არ ჩანს.

- მე არ ვიცი, რა გათვლით გადაწყდა, რომ თითქოს ურთიერთობების გასახსნელად ოპოზიციასთან დიალოგი უნდა დაწყებულიყო. რეალურად ხელისუფლების მიერ დებატებზე საუბარი უკიდურესი თავხედობაა, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ კონტროლირებად მედიასივრცეში არსებობს "შავი სიები", სადაც არასასურველი პირები არ დაიშვებიან. მე თავად ვარ ამის ცოცხალი მაგალითი. მე ვიყავი ადამიანი, რომელმაც "იმედი" დაუბრუნა მის მეპატრონეს, მაშინ როდესაც ბიძინა წინააღმდეგი იყო, რომ ეს ტელევიზია ბადრის ოჯახს დაბრუნებოდა. თუმცა დღეს სწორედ მე აღმოვჩნდი ამ ტელევიზიის შავ სიაში. ამიტომ, როდესაც ასეთი ადამიანები დებატებზე იწყებენ ლაპარაკს, ეს დიდი უტიფრობა და ტყუილია. განაგრძეთ კითხვა