„2024 წლის განმავლობაში, 1 ბარელი ნავთობის ფასი 80-85 დოლარის ფარგლებში იქნება“

საწვავი

ქართული ბაზარი საწვავის გაძვირების მოლოდინშია. 1-ელი მარტიდან, რუსეთი ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს. რუსული გამოცემა TASS-ის ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, მონღოლეთსა და უზბეკეთს. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. რუსული მედიის ცნობით, დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი რუსეთში, გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა.

ამ ფაქტს, ცხადია, ეხმაურებიან საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში და ამბობენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი აცხადებს, საქართველოსთვის ნავთობის მთავარი იმპორტიორი ქვეყნის მხრიდან, ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა, გარკვეულ გავლენას იქონიებს ბენზინის ფასებზე, რადგან ქვეყანას საწვავის შემოტანა სრულად ევროპული სახელმწიფოებიდან - კერძოდ ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და რუმინეთიდან მოუწევს. განიხილება ბენზინის იმპორტი ბელარუსიდანაც.

ვახტანგ იობაშვილის თქმით, რუსეთიდან და ევროპული სახელმწიფოებიდან ნაყიდ საწვავის ფასებს შორის დიდი განსხვავება არ არის, თუმცა, ევროპული სახელმწიფოების მდებარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირება უფრო რთული და ძვირია, რაც აისახება ბენზინის ღირებულებაზე.

„რუსეთი არის ძალიან არასანდო პარტნიორი. მსგავსი შემთხვევა რუსეთთან მიმართებით ახლო წარსულშიც იყო, მაგალითად - გასულ წელს და მაშინ ადგილობრივმა კომპანიებმა გადაწყობა სხვა ბაზრებზე მარტივად შეძლეს. შესაბამისად, საქართველოს საწვავის დეფიციტი არც ახლა ემუქრება“, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.

საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს უჭირს თქმა, რამდენი თეთრით გაძვირდება ბენზინი, თუმცა, ფიქრობს რომ ცვლილება მკვეთრი არ იქნება.

რაც შეეხება საერთაშორისო სანავთობო ბირჟებს, წამყვანი საინვესტიციო ბანკების პროგნოზით, 2024 წლის განმავლობაში, ნავთობის ფასი 80-85 დოლარის ფარგლებში იქნება. თუ ამ სექტორში გასულ წელს ფასების მნიშვნელოვანი რყევები შეინიშნებოდა, რაც როგორც მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას, ასევე გაზრდილ მოთხოვნას და ნავთობის წარმოების შემცირებასთან დაკავშირებით, საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა, ახლა შედარებით სტაბილური ვითარებაა. დარგის ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი, ასევე ომი ახლო აღმოსავლეთში, ჯერჯერობით, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი, იმავე ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც 2023 წლის ბოლოს იყო. ფასების შენარჩუნების მიზეზად ანალიტიკოსები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის იმას, რომ ოპეკის არა წევრ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი აშშ-ში გაიზარდა ნავთობის წარმოება, შესაბამისად მიწოდებაც, რამაც დააბალანსა საწვავის საერთაშორისო ფასი. თუმცა, ანალიტიკოსებს მაინც უჭირთ პროგნოზის გაკეთება, რადგან ფიქრობენ, რომ მთელ მსოფლიოში საბაზრო რყევები კვლავ ექსტრემალურად მაღალია, გარდა ამისა, წელს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საარჩევნო წელია, რასაც ასევე აქვს ხოლმე გავლენა სანავთობო ბირჟებზე.

დღეისათვის, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 83 დოლარს შეადგენს.