„სემეკი არის მსოფლიო დონის მარეგულირებელი“ - რა საერთაშორისო მიღწევები აქვს ორგანიზაციას

სალომე ჯანელიძე

„სემეკი არის მსოფლიო დონის მარეგულირებელი, რომელსაც შეუძლია თავისი გამოცდილება სხვასაც გაუზიაროს”, - ამის შესახებ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა სალომე ჯანელიძემ Energynews-თან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სემეკი აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც საერთაშორისო დონეზე მარეგულირებლებისთვისაა დადგენილი. გარდა ამისა, სალომე ჯანელიძე აღნიშნავს, რომ სემეკი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საკმაოდ აქტიურადაა წარმოდგენილი, ხოლო მარეგულირებლის თანამშრომლები ხშირად სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს თავად უტარებენ სხვადასხვა სახის ტრენინგს ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით.

„სემეკზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენერგეტიკულ გაერთიანებაში ერთ-ერთი მოწინავე მაღალი დონის მარეგულირებელია, რადგან იგი აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც მარეგლირებლისთვისაა დადგენილი. სემეკს დამოუკიდებლობის საკმაოდ მაღალი ხარისხი აქვს. ამ მხრივ ვგულისხმობ ფინანსურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. გარდა ამისა,  ფუნქციები, რაც მარეგულირებელს აქვს ევროპულ პრაქტიკაში ეს ყველაფერი ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში გვაქვს გადმოტანილი.მაგალითად, ერთ-ერთი მოთხოვნა მარეგულირებლების მიმართ არის, რომ უნდა ჰქონდეს აღსრულების ეფექტური მექანიზმები და უნდა შეეძლოს ეფექტური ჯარიმების დაკისრება. ახალი კანონმდებლობით, რაც ჩვენ მივიღეთ,ენერგეტიკულ გაერთიანებაში წევრობის შემდგომ პრაქტიკულად ყველა ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. უნდა შევეხოთ თანამშრომლების ნაწილსაც. საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ სემეკს ჰყავს დატრენინგებული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლებიც, რაც რასაკვირველია, ჩვენს საერთაშორისო იმიჯზეც დადებითად აისახება“, - აცხადებს სალომე ჯანელიძე

თანმშრომლებზე უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, რამდენად აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო პროექტებში?

„სემეკის თანამშრომლები ძალიან ხშირად თავად უტარებენ ტრენინგებს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნის მარეგულირებლებს. ცხადია, ეს მიუთითებს, რომ სემეკში პროფესიონალი თანამშრომლები მუშაობენ. გარდა ამისა, როდესაც ტარდება საერთაშორისო კონფერენციები სპიკერებათაც ხშირად არიან სემეკის წარმომადგენლები, მიწვეულნი არიან როგორც კომისიის, ისე აპარატის წევრები. რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლები ერთ დღეში არ დატრენინგებულან, ამისთვის საჭირო იყო რამდენიმე წელი. ჩვენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამებსაც ვახორციელებდით, რათა მათი კვალიფიკაცია კიდევ უფრო გაზრდილიყო. ზუსტად აქედან გამომდინარე მოხდა ჯერ თეორიული ცოდნის დაგროვება, რომელიც  შემდგომში სემეკის ყოველდღიურ პრაქტიკაში სხვადასხვა მიმართულებით დაინერგა“.

რა წარმატებები აქვს სემეკს საერთაშორისო დონეზე?

„მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმის შემდგომი კონფერენცია საქართველოში ჩატარდება და მას სემეკი უმასპინძლებს. ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი აღიარება და დაფასება, რომ საქართველოში მარეგულირებელი კომისია არის მსოფლიო დონის. გარდა ამისა,  ჩვენი თანამშრომლები არიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფებში, როგორც თავმჯდომარის, ისე თანათავმჯდომარისპოზიციებზე. ისინი მუშაობენ და ამზადებენ სხვადასხვა ტიპის ანგარიშებს. ასევე მოგეხსენებათ, რომ სემეკის ერთ-ერთი თანამშრომელი მაია მელიქიძე იყო „ერას“ თავმჯდომარე. გარდა ამისა, სემეკის წევრი გიორგი ფანგანი იყო ენერგეტიკული საზოგადოების მარეგულირებელი საბჭოს პირველი ქართველი პრეზიდენტი. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ენერგეტიკულ გაერთიანებას ჰყავს სამუშაო ჯგუფები, სადაც ასევე ჩვენი თანამშრომლები ხელმძღვანელ პოზიციებზე არიან წარმოდგენილნი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სემეკი წარმატებული და დაფასებული ორგანიზაციაა საერთაშორისო გადმოსახედიდან.

თავად სემეკი საერთაშორისო პროექტებში რამდენად აქტიურადაა ჩართული?

„საერთაშორისო თანამშრომლობები ჩვენ ძალიან აქტიურად გვაქვს, კერძოდ, ხშირად ხდება სხვადასხვა მარეგულირებელთან ე.წ დაძმობილების პროექტი, მათ შორისაა ავსტრიის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის მარეგულირებლები,რომლებთან ერთადაც ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით იმისათვის, რათა მათი პრაქტიკა  გაგვეზიარებინა. გარდა ამისა, სემეკი აშშ-ს სხვადასხვა შტატის მარეგულირებელთანაც აქტიურად თანამშრომლობდა, რომლის ფარგლებშიც ვაგზავნიდით თანამშრომლებს და ისინი ეცნობოდნენ სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ მაგალითებს. შემდგომში კი ამ გამოცდილების ჩვენს რეალობაში დანერგვა ხდებოდა. ამასთან, სემეკს ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, სადაც ისინი ეცნობიან მარეგულირებლის გამოცდილებებს სხვადასხვა კუთხით. ეს ყველაფერი  იმაზე მიუთითებს, რომ სემეკი არის მსოფლიო დონის მარეგულირებელი, რომელსაც შეუძლია თავისი გამოცდილება სხვასაც გაუზიაროს”, - აცხადებს სალომე ჯანელიძე.

წყარო: energynews.ge