„წლებია, „ენერგო-პრო ჯორჯია“ მესტიაში მილიონობით ლარის წაგებით მუშაობს“ - ავთო დვალიშვილი

მესტია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მესტიის მომსახურების ცენტრის აბონენტებმა, 2024 წლის დეკემბერში იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც კომპანიის სხვა, ჩვიდმეტმა მომსახურების ცენტრმა ერთად.

ყაზბეგის, ონის, ამბროლაურის, თიანეთის, ხულოს, დმანისის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ხარაგაულის, ვანის, აბაშის და დედოფლისწყაროს, ცაგერი-ლენტეხის, ქედა-შუახევის, თეთრი წყაროს, წალკის და ბაღდათის მომსახურების ცენტრების სამყოფი ელექტროენერგია, მხოლოდ ერთმა, მესტიამ მოიხმარა.

ელექტროენერგიის მოხმარების მასშტაბური ზრდა მესტიაში, 2020 წლიდან იწყება, მაშინ მესტიამ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 91,117,245 კვტ.სთ ენერგია მოიხმარა. 2023 წლისთვის მოხმარება 120,275,154 კვტ.სთ იყო, ხოლო 2024 წელს სარეკორდო - 124,692,913 კვტ.სთ.

გაზრდილი მოხმარების გამო, მესტიაში დენი ხშირად ითიშება და მაღალმთიანი დასახლება უშუქოდ რჩება, რაც პრობლემას არა მხოლოდ ადგილობრივ ოჯახებს, არამედ ბიზნესსაც უქმნის. მესტიის სასტუმროებში გათბობის ძირითადი წყარო სწორედ ელექტრო ენერგიაა.

,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ავთო დვალიშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ელექტროხაზების დაზიანებისთანავე კომპანია რეაგირებს, თუმცა, იმის გამო, რომ კომპანია წლებია, მესტიაში წაგებაზე მუშაობს, ახალ ხაზებში ან ბოძებზე ინვესტირება არ იგეგმება.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ მესტიაში მოხმარებული ენერგიის საფასურს ვერ იღებს, შესაბამისად, როგორც ხერხდება, ელექტროხაზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ანუ, როცა ხაზები მწყობრიდან გამოდის, რეაგირება ხდება, სხვა უფრო დამატებითი ინვესტიცია მესტიაში არ იგეგმება. მესტიაში ჩვენი კომპანია ოპერირებს, ჩვენს მფლობელობაშია ხაზებია, თუმცა ეს ოპერირება ჭირს, რადგან უსაფრთხოების არქონის გამო, ჩვენი თანამშრომლები, ფაქტობრივად ვერ მუშაობენ.

კომერციული აბონენტებისთვის მესტიაში მრიცხველები დგას. მოქალაქეებს რაც შეეხება, შეიძლება მოქალაქეებს უდგას ძველი მრიცხველი, მაგრამ ანგარიშსწორება არ ხდება.

ბევრი სასტუმრო მესტიაში არ არის დაფიქსირებული, როგორც კომერციული აბონენტი. ის არის როგორც უბრალოდ სახლი, მაგრამ სასტუმროა, სტუმრებს იღებს.

მაინერების ბრალია, რომ მესტიაში დენი ხშირად ითიშება. მოხმარება იმდენად დიდია, ქსელს გამართულად მუშაობა უჭირს. ერთი პატარა მესტია, 17 დიდი რეგიონის სამყოფ ენერგიას მოიხმარს. მესტიაში წლებია, „ენერგო-პრო ჯორჯია“ მილიონობით ლარის წაგებით მუშაობს. ეს წაგება „ბიტკოინის ფერმებამდეც“ იყო, თუმცა, გაორმაგდა და გაათმაგდა, როცა ელექტროენერგიის არაკანონიერად მოხმარება დაიწყო“,- აღნიშნა ავთო დვალიშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.