ამბროლაურში 45 წლის ქალი ცოფით გარდაიცვალა – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვა 1720812037
ცოფი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 ივლისს, ამბროლაურში 45 წლის ქალი ცოფით გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ეს ცოფით ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პაციენტის ოჯახს რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან წამოყვანილი ჰყავდა ლეკვი, რომელიც მალევე ავად გახდა და დაუდგენელი დიაგნოზით მოკვდა, ძაღლის სიკვდილის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ მიუღია.

ამ ეტაპზე  ოჯახს საკუთრებაში ჰყავს 4 მეძებარი ძაღლი და 7 კატა, რომლებსაც 2023-2024 წლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაუტარა ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია”, – ვკითხულობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირკვევა, რომ ქალს ცოფის კლინიკური ნიშნების გამოვლენა 6 ივლისს დაეწყო, კლინიკას კი მხოლოდ 11 ივლისს მიმართა. იგივე იმავე დღეს გარდაიცვალა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სააგენტოს რეკომენდაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩაში და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. საკარანტინო შეზღუდვები ცოფით დაავადების  ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.

ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება  ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად. დასნებოვნება ასევე შეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ ცოფის დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ვეტერინარს. ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ჭრილობა სასწრაფოდ ჩამოიბანოთ საპნითა და წყლით, შემდგომ აუცილებლად მიმართოთ რაბიოლოგს.

თქვენი და შინაური ცხოველების სიცოცხლის დასაცავად აუცილებელია ძაღლისა და კატის ყოველწლიური პროფილაქტიკური ვაქცინაცია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით ცოფის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 116 690 ძაღლი და კატა. იძულებითი ვაქცინაცია ჩაუტარდა 9000 ძაღლს/კატას,  4300 მსხვილფეხა, წვრილფეხა პირუტყვს, ღორს, ცხენსა და კენტჩლიქიან ცხოველს.

ადამიანებში ცოფის პროფილაქტიკის მიზნით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხდება მაღალეფექტური ბიოპრეპარატების (ვაქცინა და იმუნოგლობულინი) განაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროფილაქტიკა ხელმისაწვდომია ყველა მუნიციპალიტეტში.