ონკოპაციენტები საჭირო მედიკამენტებს, სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, კლინიკებში მიიღებენ - სამინისტრო

ჯანდაცვა 1721115993
ონკოპაციენტები

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება, აფთიაქების ნაცვლად პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, ინიციატივა მინისტრს ეკუთვნის, რასაც ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ მხარი დაუჭირა. შედეგი კი, ბენეფიციარებისთვის პროცედურის გამარტივება უნდა იყოს.

"ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ, განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს. ცვლილების შედეგად, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების მიღების გზა მარტივდება - მანამდე მათ, მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცინო პროცედურის
ჩასატარებლად, ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ.

სხდომა ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, პაციენტთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში, პაციენტებისთვის, ამ პროცედურების გავლა სირთულეს წარმოადგენდა და აუცილებელი იყო, ამ მიმართულებით, ნაბიჯების გადადგმა.

დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უახლოეს მომავალში, ბენეფიციარები, მათთვის საჭირო მედიკამენტებს, სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, იმ კლინიკებში მიიღებენ, სადაც პროცედურებს გადიან", - წერია განცხადებაში.

ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს მიზანი, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მართვის უზრუნველყოფაა. მის შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროს, საერთაშორისო და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე - ონკოლოგები, ჰემატოლოგები და პროფესიული ასოციაციების წევრები.