პოპულარული ხელოვნური დამატკბობელი გულის დაზიანებასთან არის დაკავშირებული - ახალი კვლევა

ჯანდაცვა 1740819720
გაზიანი სასმელები

საკმაოდ გავრცელებული ხელოვნური დამატკბობელი ასპარტამი მომხმარებლებს შეიძლება გულის დაავადების დიდი რისკის წინაშე აყენებდეს; ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს ახლად აღმოჩენილი ქიმიური მექანიზმი არტერიების სარჩულზე.

შვედი, ჩინელი და ამერიკელი მკვლევრები თაგვებს 12 კვირის განმავლობაში აძლევდნენ ასპარტამის გარკვეულ დოზას, რომელიც ეკვივალენტი იყო იმ დღიური დოზისა, რასაც ადამიანი დაახლოებით სამი ჭიქა გამაგრილებელი დიეტური სასმლისგან მიიღებდა.

რამდენიმე თაგვი გენური ინჟინერიით ისე იყო დამუშავებული, რომ არ ჰქონდა მეტაბოლიზმისთვის კრიტიკულად აუცილებელი გენი, რაც ინსულინს შეუზღუდავ წვდომას აძლევდა საკვანძო რეცეპტორებზე მთელ სხეულში.

იმ თაგვებისგან განსხვავებით, რომლებიც დამატკბობელ ასპარტამს არ მოიხმარდნენ, ასპარტამის მომხმარებელთა ჯგუფში დაფიქსირდა ინსულინის მაღალი დონე, სისხლძარღვთა უფრო დიდი ანთება და უფრო მეტი ცხიმოვანი ფენები არტერიებში — ეს ყველაფერი განაპირობებს გულის შეტევის ან ინსულტის უფრო დიდ ალბათობას.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ეფექტები ჯერ ადამიანებში არ დადასტურებულა. ჩვენ მიერ მიღებული შედეგები წარმოაჩენს შემდეგი კვლევების მნიშვნელობას, რათა განისაზღვროს, შეაქვს თუ არა წვლილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებში ამ საკვებ დანამატებს და მათ ეფექტს ინსულინის დონეზე“, — ამბობს ბრიტანეთის გულის ფონდის მეცნიერი ჯეიმს ლეიპერი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

ხელოვნური დამატკბობლების გავლენა ინსულინზე წინა კვლევებშიც დადგინდა, მაგრამ ჯერ მაინც ბევრი რამ არ ვიცით ამ საქმეში ჩართულ ბიოლოგიურ მექანიზმებზე ან ამით გამოწვეულ ჯანმრთელობის რისკებზე. სწორედ ამან შეაგულიანა ახალი კვლევის ავტორები.

მკვლევრებმა გამოავლინეს სასიგნალო მოლეკულა, სახელად CX3CL1, რომელიც უფრო აქტიური ხდება ინსულინის დონის აწევისას. თაგვებში CX3CL1 რეცეპტორების ამოცლამ შეაჩერა არტერიებში საზიანო ნალექის დაგროვება — კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს მოლეკულა საკვანძო მნიშვნელობისაა ადამიანებში გულის დაზიანების რისკის ზრდაში და შესაბამისად, შეიძლება მიზანში ამოვიღოთ სამკურნალო საშუალებათა შექმნისას.

„ვინაიდან სისხლძარღვებში სისხლის ნაკადი ძლიერი და მდგრადია, ქიმიურ ნივთიერებათა უმეტესობა გულისცემასთან ერთად უნდა გადაირეცხოს. თუმცა, ჩვენდა გასაკვირად, ასე არაა CX3CL1-ის შემთხვევაში. ის მიწებებული რჩება სისხლძარღვების შიდა სარჩულის ზედაპირზე. ის იქ სატყუარასავით მოქმედებს და იჭერს ჩამვლელ იმუნურ უჯრედებს“, — ამბობს შვედეთის სამეფო ინსტიტუტის სისხლძარღვთა ბიოლოგი იჰაი კაო.

ვრცლად პირველ არხზე