27 მლნ დოლარზე მეტი დღეში - Reuters-ი მაინერების მიერ გამომუშავებულ თანხაზე

კრიპტოვალუტა ბიტკოინი

ბიტკოინის ფასის ზრდისა და ენერგორესურსების გაიაფების გამო კრიპტოვალუტის მაინერების მიერ ტოკენების წარმოებით მიღებული შემოსავალი იზრდება. ინფორმაციას Reuters პორტალ Blockchain-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, მსოფლიო მაინინგის საშუალო შემოსავალი ბოლო 30 დღის განმავლობაში დღეში 27,34 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მაშინ, როცა 2022 წლის მეორე ნახევრის უმეტეს პერიოდში ბევრი მაინერი მინუსში მუშაობდა და ვალებს იდებდა.

კომპანია Luxor-ის ანალიტიკოსი, ჯარან მელერუდი ამბობს, რომ „გასული წლის ბოლოს ბევრი საჯარო მაინერი გაკოტრების პირას იმყოფებოდა, თუმცა ბიტკოინის ამჟამინდელი ფასის პირობებში ამ კომპანიების ფულადი ნაკადი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.“ Reuters-ის ცნობით, კრიპტოვალუტის ბაზარზე ვითარების გაუმჯობესების გამო კრიპტომაინინგის საჯარო კომპანიების აქციებით ინვესტორები ისევ დაინტერესდნენ.

ერთი თვის წინ Bloomberg წერდა, რომ „ბიტკოინი 2023 წლის მომავალ კვარტალში რეკორდულ ნახტომს დააფიქსირებს, რაც ბოლოს 2021 წელს მოხდა.“ 2023 წლის დასაწყისიდან ბიტკოინი 70%-ით გაიზარდა. სააგენტოს შეფასებით, აშშ-ის საბანკო სექტორში ლიკვიდობის მხარდაჭერის მცდელობები დადებითი ფაქტორი აღმოჩნდა სარისკო აქტივებისთვის და დაეხმარა როგორც კრიპტოვალუტას, ისე ოქროს.

Bloomberg წერს, რომ გასულ წელს ციფრული აქტივების ბაზრის 1,5 ტრლნ დოლარის კრახის შემდეგ წელს ბიტკოინის აღორძინებამ ამ ბაზრის ღირებულება, დაახლოებით, 390 მლრდ დოლარით გაზარდა.