რუსეთში ქართული სპირტიანი სასმელების ექსპორტი 134%-ით გაიზარდა

ალკოჰოლური სასმელი

რუსეთში ქართული სპირტიანი სასმელების (სპირტის ნაყენები, მიღებული ყურძნის ღვინისა ან ჭაჭის დისტილაციის (გამოხდის) შედეგად) ექსპორტი თითქმის 134%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, თუ 2022 წლის პირველ კვარტალში ჩრდილოეთში საქართველომ 4,880 მლნ დოლარის სასმელი გაიტანა, წელს 3 თვეში ეს მაჩვენებელი 11,411 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ამ მოცულობის სპირტიანი სასმელი რუსეთში ამ დრომდე ფაქტობრივად, არ გასულა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ უცხოეთში სულ 20,736 მლნ დოლარის სპირტიანი სასმელი გაყიდა. შესაბამისად, გამოდის, რომ სპირტიანი სასმელების მთლიან ექსპორტში, რუსეთის წილი 55% იყო.

რაც შეეხება 2022 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ქვეყნიდან გავიდა 100,488 მლნ დოლარის ღირებულების სპირტიანი სასმელი, აქედან რუსეთში - 56,355 მლნ დოლარის, ანუ მთლიანი ექსპორტის 56%.