„10 000-ლარიანი ნომრები რომ არის, მათთვის ვერ ხდება ვიდეო ჯარიმების დაწერა - არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა“ – ირაკლი იზორია

ნომრები

„მინდა ვისაუბრო არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზე - ფასიანი ნომრები რომ არის, როგორც მაქვს ინფორმაცია, მათთვის ვერ ხდება ვიდეო ჯარიმების დაწერა“, - ამის შესახებ საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი იზორიამ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

როგორც ირაკლი იზორია განმარტავს, საუბარია ფასიან ნომრებზე, რომელთა ღირებულებაც 10 ათას ლარს შეადგენს. მისი თქმით, აღნიშნული ნომრის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს ვიდეო ჯარიმები ვერ ეწერება.

„მინდა ვისაუბრო არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზე - ფასიანი ნომრები რომ არის, როგორც მაქვს ინფორმაცია, მათთვის ვერ ხდება ვიდეო ჯარიმების დაწერა. ვიდეოჯარიმა ვერ ფიქსირდება და ჩემთვის საინტერესოა, რატომ?! რეალურად, ის ფასიანი ნომერიც ბაზაშია და რატომ ვერ ხდება ამოცნობა და დაჯარიმება საინტერესოა. ამით ვიღაცები სარგებლობენ და ხშირად ხდება საგზაო შემთხვევები. რომ დავაზუსტო, ვსაუბრობ 10 000-ლარიან ნომრებზე, როდესაც ადამიანი უკვეთავს თავისი სახელით ნომერს და ა.შ. ეს ნომრები არ ჯარიმდებიან - არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა, აუცილებლად უნდა ხდებოდეს ერთგვაროვანი მიდგომა და არ უნდა ხდებოდეს გამონაკლისების დაშვება, რადგან ასეთმა გამონაკლისებმა შესაძლოა, უბედურებამდე მიგვიყვანოს“, - აღნიშნავს ირაკლი იზორია.

საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავს ძვირად ღირებულ ავტოტრანსპორტის ნომრებს ყიდულობენ ტაქსის მძღოლებიც და ე.წ ბასლაინებზე თავისუფლად გადაადგილდებიან.

„მე პირადად ბევრჯერ მიმგზავრია ტაქსით და ძალიან ბევრი ტაქსის მძღოლი გადავიდა ფასიან ნომრებზე. 10 ათას ლარს აგროვებს ეს ხალხი, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ და „ბასლაინებში“ იარონ ისე, რომ ჯარიმა არ დაეწეროთ. მაშინ რაში გვჭირდება პატრული ან აღსრულება, ყველამ ვიყიდოთ ეს ნომრები. ამ პრობლემაზე ბევრი უნდა ვიფიქროთ...“, - განაცხადა ირაკლი იზორიამ.