1788509700
2027 წლიდან არარძისმიერი ცხიმით დამზადებულ რძის პროდუქტებს სპეციალური პიქტოგრამა ექნებათ
2027 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტირებისთვის ახალი წესები ამოქმედდება. ცვლილების მიხედვით, პროდუქციაზე, რომლის დასამზადებლადაც რძის ცხიმის ნაცვლად არარძისმიერი ცხიმია გამოყენებული, სპეციალური პიქტოგრამის განთავსება სავალდებულო გახდება.
ცვლილებები მთავრობის №429 დადგენილებით შედის ტექნიკურ რეგლამენტში „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“.
ახალი მოთხოვნის თანახმად, ასეთი პროდუქტის ეტიკეტზე უნივერსალური პიქტოგრამა შეფუთვის ძირითად ხედვის არეალში უნდა განთავსდეს. იმ შემთხვევაში, თუ შეფუთვას რამდენიმე მსგავსი არეალი აქვს, ბიზნესოპერატორმა უნდა განსაზღვროს ის ადგილი, რომლის დანახვაც მომხმარებელს პროდუქტის შეძენისას ყველაზე მარტივად შეუძლია და რომელიც პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების სწრაფად აღქმას უზრუნველყოფს.
დადგენილება ასევე დეტალურად განსაზღვრავს პიქტოგრამის ვიზუალურ მახასიათებლებს. მისი ფორმისა და დიზაინის შეცვლა დაუშვებელი იქნება.

გარდა ამისა, არარძისმიერი ცხიმის გამოყენებით დამზადებული რძის შემცველი პროდუქცია სავაჭრო სივრცეში რძისა და რძის ნაწარმისგან განცალკევებით უნდა იყოს წარმოდგენილი.
ახალი მოთხოვნების მიზანია მომხმარებელმა პროდუქტის შეძენისას მარტივად შეძლოს იმის გარჩევა, არის თუ არა პროდუქტი დამზადებული რძის ცხიმით, თუ მის შემადგენლობაში არარძისმიერი ცხიმია გამოყენებული.



