„3 წელზე მეტი ბოლო გადახდიდან“ - როდის კარგავს კრედიტორი თანხის ამოღების სამართლებრივ ბერკეტს?

კრედიტი

"ავტომატურად სესხის არსებობა და წლების გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ სესხი ხანდაზმულია", - ამის შესახებ რადიო "პალიტრას" გადაცემაში "თქვენი დრო" ადვოკატმა, ლელა ტალიურმა ისაუბრა.

მისივე თქმით, წლების გასვლა ავტომატურად არ ნიშნავს სესხის ხანდაზმულობას ან ჩამოწერას, ხოლო დავალიანების მივიწყება ხშირად ანგარიშების დაყადაღებით მთავრდება - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბანკმა მოთხოვნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გადასცა.

შესაბამისად, როგორც ადვოკატი აღნიშნავსმ საუკეთესო გამოსავალი კრედიტორთან მოლაპარაკება და თანხის ეტაპობრივ დაფარვაზე შეთანხმებაა, ხოლო თუ ბოლო გადახდიდან 3 წელზე მეტია გასული და კრედიტორს სასამართლოსთვის არ მიუმართავს, მსესხებელს შეუძლია თავად იდავოს სესხის ხანდაზმულად ცნობაზე.

"ძალიან აქტუალური და საჭირბოროტო თემაა, რადგან ბევრი ადამიანია ისეთ მდგომარეობაში, რომელთაც ე.წ. პრობლემური სესხები აქვთ. წლობით გაწელილი დავალიანების შემდეგ, ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების გამო, სესხს ვეღარ იხდიან. ამას მოსდევს ურთიერთობა საფინანსო ინსტიტუტებთან, რაც ხშირად მათთვის არასასიამოვნო ხასიათს ატარებს.

ხშირად მწერენ და მეკითხებიან ამის შესახებ, ამიტომ მსურს ადამიანებს რჩევის სახით მივმართო - სესხის არსებობა და წლების გასვლა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ სესხი ხანდაზმულია. ყოველი შემთხვევა სპეციფიკურია და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. თუმცა, ცალსახაა ერთი რამ: ადამიანებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ თუ წლებია გასული, ეს დავალიანება ავტომატურად ეპატიათ, ჩამოეწერათ და არავინ მოსთხოვს.

ხშირად არის ისეთი შემთხვევები, რომ ადამიანმა აიღო სესხი „თიბისი“, „საქართველოს“ ან ნებისმიერი სხვა ბანკიდან და მათთვის მოულოდნელად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამ დავალიანებას ბანკის ნაცვლად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სთხოვს. ხშირ შემთხვევაში არ არიან საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დავალიანებას გამოისყიდის ხოლმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და შემდეგ უკვე ბანკის ნაცვლად ის ედავება მსესხებელს. უკვირთ - „თანხა ბანკიდან გამოვიტანე და სხვა რატომ მირეკავს ან მაწუხებსო?“. თუმცა, სამართლებრივად ეს მათ პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

აქ მთავარია, რომ ამ სესხების დავიწყება არ შეიძლება. არის შემთხვევები, როდესაც ანგარიშები უკვე დაყადაღებულია, რადგან კრედიტორები თანხის ამოღებას სასამართლოსა თუ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით ითხოვენ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა სესხები არ მიივიწყონ. თუ მათ დიდი თანხის გადახდის საშუალება არ შესწევთ, კრედიტორ ორგანიზაციასთან შეთანხმებით შესაძლებელია, გარკვეულ თანხაზე მოლაპარაკებაც. თუ შეთანხმება შედგა, ეს ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ნაწილ-ნაწილ დაეფარათ სესხი.

ჩემს წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ ბოლო მაგალითი რომ გავიხსენო, ეს განსხვავებული შემთხვევა იყო. ბოლო გადახდიდან გასული იყო 3 წელზე მეტი და ეს გახლდათ შემთხვევა, როდესაც კრედიტორმა ორგანიზაციამ არ იჩივლა სასამართლოში. შესაბამისად, მსესხებელს ჰქონდა უპირატესი პოზიცია - თავად მიემართა სასამართლოსთვის და სესხი ხანდაზმულად ეცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორმა ამ თანხის იძულებით ამოღების სამართლებრივი გარანტიები დაკარგა", - განაცხადა ლელა ტალიურმა რადიო "პალიტრას" ეთერში.

წყარო: BPN