1770887700
6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანა 1-ელი აპრილიდან აიკრძალება - ვის შეეხება გამონაკლისი
საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია 2026 წლის 1-ელი აპრილიდან აიკრძალება - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამონაკლისი გავრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1-ელ აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. კერძოდ, ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია არსებული პირობების შესაბამისად პირველ აპრილამდე უნდა განხორციელდეს
„დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმად საქართველოში 1-ელი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.
ავტოტრანსპორტი ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებითა და აზოტის ოქსიდებით დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. საქართველოში ტრანსპორტით ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები ავტოპარკის ასაკით და, შესაბამისად, ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობით არის გამოწვეული.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 1,814 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას (85.7%) მსუბუქი ავტომობილები შეადგენენ. რეგისტრირებულ ავტომობილთა 80.6%-ის ასაკი 10 წელზე მეტია.
ახალი რეგულაცია ითვალისწინებს საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტის/პირველადი რეგისტრაციის/დროებითი რეგისტრაციის აკრძალვას, რომელიც იმოქმედებს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული ემისიის (ევრო 5/V) სტანდარტებთან ერთად. აღნიშნული შეზღუდვა უზრუნველყოფს ავტოპარკის და განსაკუთრებით მსუბუქი ავტომობილების პარკის გაჯანსაღებას, რაც ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და, შედეგად, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.
უწყების ინფორმაციით, რეგულაცია ძალაში შედის 2026 წლის 1 აპრილიდან. გამონაკლისები ვრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია მოხდება პირველ აპრილამდე არსებული პირობების შესაბამისად.
ინფორმაციისთვის, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებაზე განცხადება დღეს გააკეთა. როგორც მან განაცხადა, საკანონმდებლო პაკეტი უკვე შემუშავებულია, პარლამენტსაც უკვე წარედგინა.
ამასთანავე, კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „მნიშვნელოვანი ზომების მიღებაა საჭირო“.



