1764658492
8 გამოწვევა, რომელიც საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაშია
განათლების სამინისტრომ დღეს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა. დოკუმენტში საუბარია საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის გამოწვევებზეც და აღნიშნულია, რომ „არსებული სისტემა სრულად ვერ უზრუნველყოფს ისეთი განათლების მიწოდებას, რომელიც მოსწავლეს ჩამოაყალიბებს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე, კონკურენტუნარიან მოქალაქედ“.
ამ გამოწვევების ჩამონათვალში შეხვდებით პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსთან, სასკოლო ცხოვრებასთან, სასწავლო გარემოსთან, მასწავლებელთა კვალიფიკაციასთან და ა.შ.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის მიხედვით გთავაზობთ 8 გამოწვევას, რომლის წინაშეც ზოგადი განათლების სისტემა დგას:
1. საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი - დღეს გამოწვევად რჩება სასწავლო შინაარსების არათანაბარი გადანაწილება, ჭარბი აკადემიური დატვირთვა, ნაკლები ინტერაქცია და პრაქტიკული გამოცდილება.
2. სასწავლო რესურსები - თავისუფალმა საბაზრო მექანიზმებმა და კონკურენციის ხელშეწყობის პოლიტიკამ ვერ უზრუნველყო ისეთი მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების შექმნა, რომლებიც მოსწავლეს მისცემს თითოეული საგნისთვის აუცილებელ საბაზო ცოდნას, განუვითარებს სისტემური აზროვნებისა და ღრმა გაგების უნარს. დღეს სახელმძღვანელოთა ნაწილი მოსწავლეს მხოლოდ ფრაგმენტულად აწვდის სასწავლო მასალას.
3. სასკოლო ცხოვრება - თანამედროვე სკოლაში სასწავლო პროცესი უმეტესწილად ორიენტირებულია სასწავლო გეგმის შესრულებაზე, საათობრივ ნორმებსა და შეფასების პროცედურებზე. მიუხედავად ცალკეული ინიციატივებისა, სასკოლო ცხოვრება, ხშირ შემთხვევაში, ვერ სცდება კლასის სივრცეს და სრულყოფილად ვერ პასუხობს ბავშვის ინტერესებს, შემოქმედებით პოტენციალსა და სოციალური უნარების განვითარებას.
4. კავშირი განათლების საფეხურებს შორის - ქართული განათლების სისტემის ერთ-ერთი გამოწვევაა ურთიერთკავშირის ნაკლებობა განათლების სხვადასხვა საფეხურს – სკოლამდელ აღზრდასა და სკოლას, სკოლასა და პროფესიულ თუ უმაღლეს განათლებას შორის.
5. მასწავლებელთა კვალიფიკაცია - მასწავლებელთა რესურსის თვალსაზრისით, ქვეყანაში შეიმჩნევა საკადრო სიჭარბე გარკვეული დისციპლინების მიმართულებით, მაშინ როდესაც ზოგიერთ დისციპლინაზე ხშირად კადრების დეფიციტია. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების არსებული პროგრამები და გადამზადების მექანიზმები ხშირად ვერ პასუხობს ვერც მასწავლებლის და ვერც სკოლის საჭიროებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალი საგნების დანერგვასა და ამ მიმართულებით მასწავლებლების გადამზადებას, მაშინ, როდესაც შედარებით ნაკლები სისტემური მხარდაჭერა აქვს ფუნდამენტურ საგნებს – ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიას, მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას.
6. სასწავლო გარემო - სწავლისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. დიდ ქალაქებში სკოლები ხშირად გადატვირთულია მოსწავლეებით. სოფლებსა და მცირე დასახლებებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული რესურსი კლებულობს დემოგრაფიული შემცირების, მოსახლეობის ურბანულ ცენტრებში გადინების პარალელურად. ამასთანავე, სისტემაში მწვავედ დგას სპორტული ინფრასტრუქტურის, ლაბორატორიების, ბიბლიოთეკების, კვების ობიექტების, კეთილმოწყობილი საერთო სივრცეებისა და ადაპტირებული გარემოს დეფიციტი, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს როგორც სასწავლო პროცესის ხარისხზე, ისე მოსწავლეთა კეთილდღეობასა და მასწავლებელთა სამუშაო გარემოზე. ეს, თავის მხრივ აფერხებს სწავლების ინოვაციური მიდგომების დანერგვას და ვერ ქმნის იმ სივრცეს, რომელიც სრულყოფილად შეუწყობს ხელს ბავშვის აკადემიურ, სოციალურ და ფიზიკურ განვითარებას.
7. სასწავლო პროცესის ინკლუზიურობა - ინკლუზიური სწავლების კონცეფციის დანერგვამ, სამართლებრივი და ადმინისტრაციული საფუძვლების გაჩენამ, რომლის მიხედვითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, სრულად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, გაზარდა განათლების ხელმისაწვდომობა. თუმცა, განათლების სისტემამ ვერ უზრუნველყო საჭირო რაოდენობისა და კვალიფიკაციის სპეციალისტთა მოზიდვა და ეფექტიანი განაწილება, რაც აუცილებელია ინკლუზიური განათლების სრულფასოვნად განხორციელებისთვის. სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები, ქცევისა და მეტყველების თერაპევტები და სხვა სპეციალისტები, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი თვალსაზრისით, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს.
8. მართვისა და დაფინანსების სისტემა - სკოლების მხარდაჭერის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, რომლებიც ამ ეტაპზე სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფენ რაიონულ დონეზე სკოლების პროფესიულ მხარდაჭერას და საჭიროებენ ინსტიტუციურ გაძლიერებას. სკოლების ნაწილი ფუნქციონირებს მინიმალური რესურსებით და ვერ ახერხებს მოსწავლეებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზებას, მათ შორის, არაფორმალური განათლების მიმართულებით.



