„ამ ინსტრუმენტსაც, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება, არ აქვს შანტაჟის არავითარი ძალა“ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„თავის დროზე, პოლიტიკურად თუ იყო უფრო მეტად აქტუალური ვიზალიბერალიზაციის საკითხი, დღეს რეალურად, ამ საკითხსაც დააკარგვინეს ყოველგვარი პოლიტიკური აქტუალობა”, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას შანტაჟის არავითარი ძალა არ აქვს.

„ჩვენს ინტერესებშია, მოსახლეობის ინტერესებშია, რომ გვქონდეს კომფორტი და არ შეექმნას ადამიანს დისკომფორტი ვიზის რიგში დგომით და ა.შ. მაგრამ, იმდენად გაცვითეს შანტაჟის ყველა ინსტრუმენტი, რომ ამ ინსტრუმენტსაც, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება, არ აქვს შანტაჟის არავითარი ძალა. იმედია, იმას მაინც ხვდებიან, რომ ვერც შანტაჟის ამ ბოლო ინსტრუმენტით ვერ გამოიწვევენ ჩვენს ქვეყანაში ხელოვნურად რევოლუციას, იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან საღად აზროვნებს და პრაგმატულად უდგება ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც უსამართლოდ იღებს ევროპული ბიუროკრატია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე მგონია, რომ ისინი არაპრაგმატულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თეორიულად ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღონ, რევოლუციას მაინც ვერ გამოიწვევენ და საბოლოო ჯამში, ის ბოლო ინსტრუმენტიც დაეკარგებათ, რაც აქვთ შემორჩენილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის. ვფიქრობ, უფრო მეტად პრაგმატული გადაწყვეტილებისკენ გადაიხრება ამ შემთხვევაში ევროპული ბიუროკრატია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „პირველ არხის“ ეთერში.