„ამ ხელფასით ვარსებობთ, კი არ ვცხოვრობთ“ - „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

ხალხი - გაფიცვა

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. კომპანიაში დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების ზრდას ითხოვენ.

„ვითხოვთ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ამ ხელფასით არ იცხოვრება, ვარსებობთ, კი არ ვცხოვრობთ. ამიტომ არის ეს ხალხი აქ“, - აცხადებენ გაფიცულები.

როგორც გაფიცული თანამშრომლები „ტვ პირველთან“ აღნიშნავენ, „რუსთავის აზოტისგან“ ხელფასების გაზრდის დაპირება არაერთხელ მიიღეს, თუმცა ზრდა მხოლოდ 4%-ის ოდენობით ხდება.

„მოთხოვნა არის ღირსეული ანაზღაურება - ყოველთვის გვპირდებოდნენ, რომ ყოველ წელს ეტაპობრივად მოიმატებდა ჩვენი ხელფასები. ამ დროს გვიწევს დამატებით 4%-ის აღება, ეს არის სამარცხვინო თანხა - 40 ლარი“, - აღნიშნავს კიდევ ერთი გაფიცული.

ამასთანავე, გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ საქმეში ალტერნატიული პროფკავშირის ჩართვა იგეგმება.

„აქედან მოვუწოდებ ცენტრალურ პროფკავშირს, არ გაბედოს აქ მოსვლა, პროვოკაციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ. დღეს „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლების მიერ მოთხოვნილი ალტერნატიული პროფკავშირი ჩაერთვება საქმეში და ის დაიწყებს საქმის წარმოებას ისე, როგორც წესია“, - განმარტავენ „რუსთავის აზოტის“ გაფიცული თანამშრომლები.