არასრულწლოვანის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდა

არასრულწლოვანი

არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდა.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის თანახმად, სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება გახდა.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.

კანონპროექტით დგინდება, რომ დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველია, სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

​„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა 82 ხმით მიიღო.