1766045873
აშშ „მწვანე ბარათის“ პროგრამას აჩერებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მწვანე ბარათების“ პროგრამის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა დაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სროლას და პროფესორის მკვლელობის საქმეს, რომლის მთავარი ეჭვმიტანილი, აშშ-ში წლების წინ „მწვანე ბარათის“ მიღების გზით მოხვდა.
ნოემის თქმით, პროგრამამ ბრაუნის უნივერსიტეტში სროლაში ეჭვმიტანილს აშშ-ში ჩასვლის საშუალება მისცა.
„ბრაუნის უნივერსიტეტში სროლაში დამნაშავემ, კლაუდიო მანუელ ნევეშ ვალენტემ 2017 წელს „მწვანე ბარათი“ მიიღო. ეს საზიზღარი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასდროს უნდა შემოსულიყო“, – აღნიშნავს ნოემი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მწვანე ბარათი აშშ-ის საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ბარათი მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი. თავად ბარათის გათამაშება კონგრესმა 1990 წლიდან დაიწყო. ის წელიწადში 55 000 ვიზის გაცემას ითვალისწინებს. აპლიკანტებმა, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უნდა დააკმაყოფილონ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის საშუალო სკოლის განათლება ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.
რაც შეეხება სტატისტიკას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2024 წელს, DV-2025 პროგრამაზე 19 927 656 განაცხადი დარეგისტრირდა.



