Christie's აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერი პალიმფსესტი გაიყიდება

იოანე ზოსიმეს ხელნაწერი

დღე, 11 ივნისს ლონდონის Christie's  საერთაშორისო აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერი პალიმფსესტი გაიყიდება. მისი ფასი 1 000 000-დან 1 500 000-მდე გირვანქა სტერლინგია. ინფორმაციას გალერისტი ბაია წიქორიძე ავრცელებს.

ხელნაწერი მარტინ შოენის კოლექციიდანაა. რაც შეეხება თავად პალიმფსესტს, ის სინაის მთის (ეგვიპტე)  ხელნაწერი კოდექსია არამეულ და ქართულ ენებზე,  ძირითადი ტექსტი მე-5-7 საუკუნეებით თარიღდება, ზედა ტექსტი გადაწერილია იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს. ხელნაწერის ღირებულება მილიონიდან მილიონ ნახევარი გირვანქა სტერლინგია.

„ხელნაწერი ქრისტიანული პალესტინის, არამეულ ენაზე შექმნილი არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება იყენებდა პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -13 საუკუნეებში. ეს დიალექტი შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტში და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე - იესოს დიალექტზე. პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის ბერი იოანე ზოსიმეს მიერ. ხელნაწერი ქართული ტექსტი შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან“, - ვკითხულობთ აუქციონის პორტალზე.