დასაქმების ბაზარზე ქალების გააქტიურება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს - „ქალები მომავლისთვის“

დასაქმებული ქალები

ბიზნესფედერაციაში „ქალები მომავლისთვის“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დასაქმების ბაზარზე ქალების გააქტიურება და ახალი პრიორიტეტების განსაზღვრა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.

ფედერაცია გამოთქვამს მზადყოფნას ჩაერთოს პროცესში და დაეხმაროს კომპანიებს კადრების პოვნაში.

„ბოლო პერიოდში საქართველოში დამსაქმებლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სამუშაო ძალასთან არის დაკავშირებული. უკვე თვეებია კერძო სექტორი აქტიურად საუბრობს, რომ კვალიფიციური მუშახელის პოვნას ვერ ახერხებს.

ბიზნესფედერაციაში „ქალები მომავლისთვის“ 90-მდე წევრი და 60-მდე კომპანიაა გაერთიანებული, რომელთა დიდმა ნაწილმა კადრის პოვნა ვერც ერთი მიმართულებით ვერ შეძლო, დაწყებული ლოჯისტიკის სპეციალისტიდან, დასრულებული სამედიცინო თუ სხვა ტიპის მომსახურე პერსონალით.

„ქალები მომავლისთვის“, როგორც ბიზნესასოციაცია მზადაა, ჩაერთოს პროცესში, მიაწოდოს შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია, თუ რა ტიპის, რა მიმართულების კადრებია საჭირო დღეს კერძო სექტორისთვის და რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. მათ შორის განსაკუთრებულად გამოვყოფთ რამდენიმე ასპექტს:

აუცილებელია, ამ პროცესში ქალების, როგორც სამუშაო ძალის გამოკვეთა და მათი გააქტიურება, რამდენადაც დღეს მათი პოტენციალის მხოლოდ მესამედია გამოყენებული;

უმნიშვნელოვანესია, ასევე, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და ტექნოლოგიებზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებაზე აქცენტირება.

მიგვაჩნია, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, შევძლებთ სამუშაო ბაზრის გამოცოცხლებას, განსაკუთრებით რეგიონებში; კვალიფიციური და პროდუქტიული კადრების ჩამოყალიბებას, რომლებიც მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადები იქნებიან. საბოლოო ჯამში კი იმუშავებენ არამხოლოდ საკუთარი, არამედ ქვეყნის კეთილდღეობისთვისა და ეკონომიკური წინსვლისთვის“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.