1751264239
Google-ის პროგრამით, ტანსაცმლის მოსინჯვა ციფრულად შეგიძლიათ

Google-ის ახალი აპლიკაციის ტანსაცმლის მოსინჯვა სახლიდან გაუსვლელად, მაღაზიის უსასრულო რიგში დგომის გარეშე შეგიძლიათ. Doppl — სწორედ ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელშიც ადამიანს საკუთარი ციფრული ვერსიის შექმნა და მისთვის ინტერნეტში ნაპოვნი სხვადასხვა ტანსაცმლის მორგება შეუძლია, თანაც წამებში.
პროცესი მარტივია: პირველ რიგში, მომხმარებელმა სისტემაში კარგად განათებულ ადგილას გადაღებული სურათი უნდა ატვირთოს, რომელზედაც სრულად გამოჩნდება, ხოლო მოგვიანებით, Doppl-ში ტანსაცმელი დაამატოს, რომლის “მოსინჯვა” სურს, რისთვისაც Instagram-ის, Pinterest-ის ან ნებისმიერი სხვა ვებგვერდის გამოყენება შეუძლია.
შემდეგ, ხელოვნური ინტელექტი ამ ორ სურათს გააერთიანებს — რისთვისაც, ჯერ სტანდარტულზე ცოტა მეტი დრო სჭირდება — და მომხმარებელს რეალისტურ სურათს დაუბრუნებს, სადაც ჩანს, უხდება თუ არა მას ესა თუ ის ჩაცმულობა. სურვილის შემთხვევაში, Doppl-ის მომხმარებელს საკუთარი ციფრული ავატარის ამოძრავება და მისი პოზის შეცვლა შეუძლია.
Google-ის ახალი ფუნქციონალი ტესტირებას გადის, ანუ ის ჯერაც არასრულყოფილია. როგორც ბეტატესტერები ამბობენ, Doppl-ი ხშირად ურევს ტანსაცმელს და უჭირს გაარჩიოს ადამიანის სხეულების ნაწილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთ სურათზე ადამიანი თხემით ტერფამდე დგას, მეორე სურათზე კი მხოლოდ შარვალი ან ქვედაბოლო არის გამოსახული. ასევე ხშირია სხვა შეცდომები. Doppl-ი ახალი აპლიკაციაა, რომელიც ახლა იხვეწება, შესაბამისად ყველა ეს პრობლემა დროთა განმავლობაში აღმოიფხვრება, რადგან ხელოვნური ინტელექტი, როგორც ცნობილია, ექსპონენტურად ვითარდება.
თავად ეს ფუნქციონალი Google-ისთვის ახალი არ არის, რადგან ტანსაცმლის მოსინჯვის ტექნოლოგია ამერიკულმა კომპანიამ რამდენიმე წლის წინ წარმოადგინა. ახლა კი, ეს ფუნქციონალი ცალკე აპლიკაციად გაეშვა, რაც მიგვანიშნებს, რომ ამ მიმართულებით Google-ში დიდი გეგმები აქვთ, მაგრამ ტექნოლოგიის განვითარებას დრო დასჭირდება. Dopple-ის გადმოწერა ამ ეტაპზე მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება.
bm.ge