პუტინი სარეკლამო აბრებზე უცხო სიტყვების გამოყენებას კრძალავს

რეკლამა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა კანონი, რომელიც საჯარო სივრცეებში არსებულ აბრებზე, მითითებებზე, საინფორმაციო დაფებსა და ვიზუალური ინფორმაციის სხვა საშუალებებზე უცხო სიტყვების გამოყენებას კრძალავს.

დოკუმენტის ტექსტი სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

ახალი წესები 2026 წლის 1-ლი მარტიდან შედის ძალაში.

კრემლის მტკიცებით, კანონი „რუსული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დაცვას,“ საჯარო გარემოში უცხო ენებიდან ნასესხები სიტყვების შემცირებასა და „თანამედროვე ლიტერატურული ენის ნორმების“ დაცვას ემსახურება.

დოკუმენტის თანახმად, რეკლამა, მითითებები, დაფები, აბრები და მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ყველა ინფორმაცია მხოლოდ რუსულ ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი. იკრძალება უცხო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება, როგორიც არის, მაგალითად, sale, shop და ა.შ. ინფორმაციის უცხო ენებზე თარგმნა დაშვებულია, თუმცა მხოლოდ მნიშვნელობის სრული დამთხვევისა და ზუსტი ვიზუალური დიზაინის პირობით.

ასევე, საცხოვრებელი კომპლექსებისთვის, მიკრორაიონებისა და სხვა ობიექტებისთვის ისეთი სახელწოდების მინიჭება იკრძალება, რომელიც უცხოურად ჟღერს. ამის გარდა, ყველა ასეთი სახელწოდება კირილიცაზე უნდა დაიწეროს.

თუმცა კომპანიების სახელწოდებებზე, სავაჭრო და მომსახურების ნიშნებზე კანონი არ ვრცელდება და ისინი ორიგინალური სიტყვების გამოყენების უფლებას ინარჩუნებენ.

bpn.ge