Apple-მა მომხმარებლებს მოუსმინა - რა ცვლილებები შევიდა iOS 26-ში?

აიფონ 14

ივნისის დასაწყისში მსოფლიოს ტექნოლოგიურმა გიგანტმა მნიშვნელოვანი განახლება დააანონსა, რომლის ბეტა ვერსიასაც სერიოზული წუნი აღმოაჩნდა. IOS26-ის გამოსვლასთან ერთად კომპანიამ Apple-ის ტრადიციული ვიზუალი შეცვალა და მომხმარებელს ე.წ. თხევადი მინის დიზაინი შესთავაზა.

ცვლილება მომხმარებლებმა არაერთფეროვნად აღიქვეს. ბევრს ამ განახლებამ Microsoft-ის ლეგენდარული ოპერაციული სისტემის, Windows Vista-ს დიზაინი მოაგონა. თუმცა უკვე მივიწყებულ სტილთან შედარება Apple-სთვის ყველაზე ნაკლები გამოწვევაა.

9 ივნისს, კომპანიის მიერ დეველოპერებისთვის გამოქვეყნებულ IOS26-ის ბეტა ვერსიას სერიოზული წუნი აღმოაჩნდა. კერძოდ, გაირკვა, რომ ე.წ. საკონტროლო ცენტრის (Control Center) გამოყენებისას საკმარისად არ იბურება უკანა ფონი, რაც ართულებს კითხვადობას და, ფაქტობრივად, სერვისით სარგებლობას შეუძლებელს ხდის.

კომპანიამ დეველოპერებისა და პროგრამულ განახლებაზე წვდომის მქონე მომხმარებლების კრიტიკა გაითვალისწინა და გუშინ, 23 ივნისს IOS26-ის მე-2 ბეტა ვერსია გამოუშვა. ვითარება შედარებით გაუმჯობესებულია და საკონტროლო ცენტრის გამოყენებისას ის მკაფიოდ იმიჯნება ძირითადი გამოსახულებისაგან.

გარდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა, მეორე განახლებით კომპანიამ ე.წ. ზარის მუსიკების კატალოგს ახალი წევრი შემატა. ის საკმაოდ პოპულარული Reflections-ის ალტერნატიული ვერსიაა. ბევრ მომხმარებელს ამ მუსიკამ ცნობილი კომპიუტერული თამაში, “Ace Attorney” მოაგონა.

IOS26 Apple-ის უახლესი პროგრამული განახლებაა და ის საჯარო ტესტირებისთვის ივნისში გამოქვეყნდება. საბოლოო ვერსია კი, ტრადიციულად, შემოდგომაზე, ახალი iPhone-ის წარდგენის დღეს მოხდება.