1791447180
ძვირად ღირებული სამკაულები და ასიათასობით ლარის შემოსავალი - რა ქონებას ფლობენ მარიამ ქვრივიშვილი და მისი მეუღლე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერი გახდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ცნობისთვის, მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს გასული წლის ივნისის ბოლოდან იკავებს. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლა.
მანამდე 2021 წლის 24 მაისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო, უფრო ადრე კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.
„ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ეკონომიკის მინისტრობის პარალელურად, ახალ მოვალეობასაც შეასრულებს.
მარიამ ქვრივიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აპრილში წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, მის სახელზეა: 2012 წელს 98 000 დოლარად შეძენილი 147 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში; ასევე, 1047 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი წავკისში, რაშიც 2022 წელს 139 251 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი BMW x6, რომელიც 2018 წელს 60 000 დოლარად აქვს შეძენილი.
გარდა ამისა მის საკუთრებაშია Rolex-ის ბრენდის 2 საათი, აქედან ერთი 2016 წელს ჩუქებით აქვს მიღებული, მეორე საათი კი 2017 წელს 12 000-დოლარად აქვს შეძენილი.
ამასთან, ვიცე-პრემიერი ფლობს Cartier-ის ბრენდის სამაჯურსა და ბეჭედს, რომელშიც 2017 წელს ჯამში, 10 500 დოლარი აქვს გადახდილი.
რაც შეეხება, ფინანსურ მდგომარეობას დეკლარაციის შევსების მომენტში მარიამ ქვრივიშვილს საბანკო ანგარიშებზე ჯამში ჰქონდა: 405 765 ლარი, 343 000 აშშ დოლარი და 3 383 გირვანქა სტერლინგი;
მასვე გასულ წელს ეკონომიკის სამინისტროში ანაზღაურების სახით 111 277 ლარი აქვს მიღებული. ამასთან, უძრავი ქონების ქირავნობიდან წლიურად მიღებული აქვს 13 287 დოლარის შემოსავალი.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ეკონომიკის მინისტრი ფლობს შპს „ვოიაჟერ“-ის 10%-იან წილსა და შპს „ეარლაინ რეპრეზენთეიშენ გრუპ“-ის 30%-იან წილებს, რომელთა საქმიანობითაც გასულ წელს ჯამში 349 834 ლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის თანახმად, მინისტრს წილები სამართავად სხვა პირზე აქვს გადაცემული.
რაც შეეხება მარიამ ქვრივიშვილის მეუღლეს, მის მფლობელობაშია თბილისში მდებარე 3 ბინა, რომლებიც 2016 და 2021 წელს ჯამში, 208 ათას დოლარად არის შეძენილი. ასევე მის საკუთრებაშია არასაცხოვრებელი ფართის 35%-იანი წილი.
გარდა ამისა, როგორც დეკლარაციიდან იკრვევა, მარიამ ქვრივიშვილის მეუღლე არის ორი კომპანიის - შპს „ვორქლინკ ინტერნეიშენალისა“ და „მინერალ მაინინგ კორპორეიშენის“ 50% და 30%-იანი წილების მეწილე {შენიშვნა: როგორც დეკლარაციაშია მითითებული „ვორქლინკ ინტერნეიშენალის“ 50%-იანი წილი 2026 წელს აქვს გასხვისებული}. მასვე დოკუმენტის თანახმად, 20-ზე მეტ კომპანიაში ეკავა დირექტორის პოზიცია.
მასვე გასული წლის განმავლობაში 328 715 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული შპს „აჭარა ჰოლდინგის“ მმართველი დირექტორის პოსტზე. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული აქვს 26 847 ლარის შემოსავალი.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ქვრივიშვილის მეუღლეს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 500 აშშ დოლარი, 85 115 ევრო, 9 908 ლარი და ნაღდი ფულის სახით 3 000 დოლარი ჰქონდა.
გარდა ამისა, როგორც ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, გასულ წელს მისი და მისი მეუღლის მიერ მიღებულმა სხვადასხვა შემოსავალმა ჯამში, 25 ათასი დოლარი; 36 516 ლარი და 26 ათასი ევრო შეადგინა. რაც შეეხება გასავალს, მათი ჯამური გასავალი წინა წლის განმავლობაში - 140 ათასი ლარი, 34 700 დოლარი და 5 751 ევრო იყო {არ არის მითითებული სესხების მომსახურების შედეგად მიღებული გასავალი}.



