„ეს იქნება რეგიონული მნიშვნელობის პარკი“ - როგორი იქნება განახლებული ხუდადოვის ტყე-პარკი (+ფოტო)

ხუდადოვის ტყე-პარკი

ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ტყე-პარკის განახლება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში განაცხადა.

„აქ მუდმივად ხდებოდა სამშენებლო ნაგვის დაყრა, იგეგმება მთლიანად მოწესრიგება. პროექტის განხორციელებას, რომელიც 100 ჰექტარ ფართობს მოიცავს, დაახლოებით 3-4 წელი დასჭირდება.

განახლდება ბილიკი, იგეგმება განათების ქსელის მოწყობა. აღნიშნულ პროექტზე მერაბ ბოლქვაძე სტუდენტებთან ერთად მუშაობდა,“- განაცხადა კალაძემ.

მერაბ ბოლქვაძის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცე,სადაც მრავალფუნქციური საქალაქო პარკის მოწყობა იგეგმება, რომელიც თავისი ფუნქციით რეგიონული მნიშვნელობის იქნება.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, შენარჩუნდება ტყის ბუნებრივი საფარი, ასფალტით კი მხოლოდ ცენტრალური ნაწილი დაიფარება. ქვედა ზონაში განთავსდება საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები და საბავშვო ზონები.

„დედაქალაქს კიდევ ერთი მასშტაბური სარეკრეაციო ზონა შეემატება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.