ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილებას ხმა 518-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ 96 ევროპარლამენტარი წავიდა, 24-მა კი თავი შეიკავა.

დღეს გამართულ კენჭისყრაზე ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს ევროკავშირის ვიზების შეჩერების მექანიზმის რეფორმა, რომელიც ეხება 61 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, რომელთა მოქალაქეებს ამჟამად შეუძლიათ შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობა 90 დღემდე მოკლევადიანი ვიზიტით 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში.

მექანიზმი საშუალებას აძლევს ევროკომისიას, აღადგინოს სავიზო მოთხოვნები კონკრეტული ქვეყნისთვის, როდესაც არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები - ჯერ დროებით, გამოძიების და დიალოგის მიმდინარეობის დროს, ხოლო შემდეგ სამუდამოდ, თუ პრობლემები კვლავ გაგრძელდება.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წესის გამარტივებას ემატება ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევები.

17 ნოემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის კავშირის საბჭოს ფარგლებში, ახალ წესებს ფორმალურად უყრიან კენჭს, ხოლო გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა, სავარაუდოდ, დეკემბრის თვიდან მოხდება.