ფაშინიანი საქართველოს ალტერნატიული გზების ძიებაშია - რას სთხოვს სომხეთის პრემიერი რუსეთს

ნიკოლ ფაშინიანი

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთს მოუწოდა, სასწრაფოდ აღადგინოს სომხეთში რკინიგზის ის მონაკვეთები, რომლებიც აზერბაიჯანისა და თურქეთის საზღვრებამდე გადის. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას განუცხადა.

კერძოდ, ფაშინიანი სომხეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იერასახიდან ნახიჩევანამდე, ანუ აზერბაიჯანის საზღვრამდე, ასევე, დასავლეთ სომხეთში მდებარე ახურიკიდან თურქეთის საზღვრამდე გამავალი სარკინიგზო მონაკვეთების სრულ აღდგენას მოითხოვს.

სომხეთის რკინიგზის სატრანსპორტო სისტემას რუსეთის რკინიგზის 100%-იან საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია, „სამხრეთკავკასიური რკინიგზა“ მართავს. ამას რუსეთის რკინიგზასა და სომხეთს შორის 2008 წელს დადებული კონცესიური ხელშეკრულება ითვალისწინებს.

ასევე, ფაშინიანი რუსული მხარისგან აღმოსავლეთ სომხეთში მდებარე იჯევანიდან დასავლეთ აზერბაიჯანის ღაზახამდე გამავალი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენაზეც აპირებს მოთხოვნის წაყენებას.

„ეს მონაკვეთიც სასწრაფო აღდგენას საჭიროებს. იმედი მაქვს, ჩვენი რუსი კოლეგები ამ მოთხოვნას რაც შეიძლება, სწრაფად აქცევენ რეალობად,“ - აცხადებს სომხეთის პრემიერი.

ამასთან, გუშინდელ მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანთან და თურქეთთან საზღვარზე რკინიგზის სადგურების მდგომარეობის შემოწმების ბრძანება გასცა. მან მაგალითისთვის ქალაქ იჯევანის რკინიგზის სადგური დაასახელა, რომელსაც, მისი თქმით, აზერბაიჯანთან საზღვრის გახსნის პერსპექტივისა და ამ მიმართულებით სატვირთო გადაზიდვების გაზრდის გათვალისწინებით, ახალი სატვირთო ტერმინალისთვის ადგილი შესაძლოა, არ ეყოს. ამდენად, ფაშინიანი მოითხოვს, შემოწმდეს, დაცულია თუ არა განბაჟების სტანდარტები სხვა სასაზღვრო სარკინიგზო სადგურების გარშემო, როგორიც არის ნახიჩევანის საზღვარზე მდებარე იერასახი და თურქეთის საზღვრისპირა ახურიანი.

ის TRIPP-ში, ანუ „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ სატრანსპორტო ქსელის პროექტში რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას ვერ ხედავს. კერძოდ, ფაშინიანის შეფასებით, „პროექტ TRIPP-ის დეკლარაციაში ნათლად არის ნათქვამი, რომ ეს სომხურ-ამერიკული პროექტია და მესამე მხარის მონაწილეობა მხოლოდ ორმხრივ, სომხურ-ამერიკულ ფორმატში შეიძლება, განიხილებოდეს.“

ცნობისთვის: 18 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა სომხეთში ადგილობრივად წარმოებული საწვავის პირველი პარტია გაგზავნა. კერძოდ, აზერბაიჯანიდან სომხეთში 22 სარკინიგზო ვაგონით 1 220 ტონა RON95-ის საავტომობილო საწვავი გაიგზავნა. ტვირთი აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით უნდა შევიდეს. თუმცა 7 დეკემბერს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო აზერბაიჯანული ნავთობის სომხეთში გატარებაზე საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვს, რაზეც თავად ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თუ საქართველოში ტარიფების პრობლემა არ მოგვარდება, ბიზნესი აზერბაიჯანიდან იმპორტისა და ექსპორტის ალტერნატიულ გზებს მოძებნის.