გაჩნდება ახალი წამყვანი პროფესორის თანამდებობა - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი?

პროფესორი

დღეს, 3 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვისთვის უკვე წარდგენილია „ზოგადი განათლების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილებები, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.

როგორც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს, განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, საკადრო პოლიტიკის დახვეწა.

„ამ მიზნით, წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა.

კანონპროექტით განისაზღვრება, თუ ვინ შეიძლება აირჩეს ზემოხსენებულ აკადემიურ თანამდებობაზე - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს,“ - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, დარეგულირდება ასევე აღნიშნული თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები.