1782457140
„გამოცდა არ უნდა იყოს ისეთი, თითქოს დახვრეტაზე გაჰყავხარ ვინმეს - ძალიან სტრესულია მართვის მოწმობის გამოცდა საქართველოში“
„ძალიან სტრესულია მართვის მოწმობის გამოცდა საქართველოში. იშვიათია ადამიანი, ვინც პირველივე გასვლაზე ჩააბარა პრაქტიკული გამოცდა“, - ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
„სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ძალიან სტრესულია მართვის მოწმობის გამოცდა საქართველოში. ერთი და ორი ადამიანი არ არის, ვინც სტრესის ქვეშ ექცევა. როდესაც მაღალი დონის ტრენინგები მიმდინარეობს ხოლმე, ყოველთვის ვამბობთ, რომ თუ ოდნავ მაინც გრძნობთ თავს სტრესში, ხართ დაღლილი, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს მართვის დროს, უმჯობესია საჭესთან არ დასხდეთ.
გამოცდა არ უნდა იყოს ისეთი, თითქოს დახვრეტაზე გაჰყავხარ ვინმეს. ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ვინც გამოცდას იბარებს, არის მეგობრული. შენ ელოდები, რომ გამოცდაზე როდესაც მიდიხარ ყველა შენიანია, ის გეხმარება, რომ გამოცდა ჩააბარო, მაგრამ, როგორც წესი, მოწინააღმდეგე მხარეა ის პირი, ვინც გამოცდას იბარებს. არამეგობრული გარემო სტრესში აგდებს ადამიანს.
მეორე, ძალიან იშვიათია ადამიანი, ვინც პირველივე გასვლაზე ჩააბარა გამოცდა. იმიტომ რომ, მარტო მართვა არ არის, უნდა იცოდე, როგორ ჩააბარო გამოცდა. რომ ჩამოვიყვანოთ ლუის ჰამილტონი გადაცმული, რომ ვერ იცნონ, საქართველოში პრაქტიკულ გამოცდას ვერ ჩააბარებს, რადგან არ იცის, როგორ ჩააბაროს გამოცდა საქართველოში. ის პირველია მსოფლიოში ავტომობილის მართვაში, მაგრამ არ იცის როგორ ჩააბაროს საქართველოში გამოცდა, რაც თავისთავად არასწორია.
„პრაქტიკული გამოცდის ნაწილი არის გადასახედი“
ე.წ „ფსიქოს“ როგორ იღებ დღეს? შეგამოწმებენ წამებში, იხდი ფულს და წარადგენ ფურცელს. სიმბოლური დატვირთა აქვს ამას, არადა შემოწმებას უნდა გადიოდე, რამდენად ადეკვატური ხარ და რამდენად ექვემდებარება შენი ჯანმრთელობა იმას, რომ გამოცდაზე გახვიდე. არ შეიძლება ადამიანს გული ისე გაუჩერდეს, რომ სიმპტომები წინასწარ არ იყოს, ამას დაემთხვა სტრესული გარემო და მივიღეთ ისეთი შედეგი, როგორიც მსოფლიო მასშტაბით არ ხდება.
პრაქტიკული გამოცდის ნაწილი არის ძალიან სტრესული. მე ვფიქრობ, რომ თავიდან ბოლომდე არის გადასახედი პრაქტიკული გამოცდის ნაწილი. ვიღაც ადამიანები სამსახურებიდან გაათავისუფლეს, რადგან არასწორად იქცეოდნენ, გარიგებაში შედიოდნენ და ა.შ. არადა აქამდე სახელმწიფო ამბობდა, რომ ამ მხრივ ყველაფერი კარგად გვაქვსო. სპეციალისტები პერიოდულად განვიხილავთ ამ საკითხებს და ვამბობთ, რომ რაღაცები ისე არ არის, როგორც შესაძლოა ზემოდან ჩანს. არსებობენ დარგის სპეციალისტები იმისთვის, რომ კითხვები დასვა და შეცვალო რაღაცები. ჩვენ გავურბივართ ყველაფერს და შედეგებიც არ აყოვნებს“, - განაცხადა მევლუდ მელაძემ.



